ახალი ამბები
ზუგდიდის ბაღებს საკვებით 5 სხვადასხვა კომპანია მოამარაგებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე გამოცხადებული ცხრავე ტენდერი დასრულდა.

ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს თევზით და საქონლის ხორცით ფიზიკური პირი ეკატერინე ქარდავა მოამარაგებს. ამისთვის ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე გამოიყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სააღმზრდელო დაწესებულებებს აღნიშნული პროდუქტები კვირაში ერთხელ უნდა მიეწოდოს.

მცენარეული ზეთებით ბაღებს კომპანია „ქარვა“ თვეში ორჯერ უზრუნველყოფს, რისთვისაც წელიწადში 16 500 ლარია გათვალისწინებული.

ერთ-ერთი კომპანია შპს „ლეკო“ ბაღებს მანანის ბურღულით (5 632 ლარი), ტომატ პასტით (13 236 ლარი), სოფლის მეურნეობებისა და ბაღჩეულის (ჭარხალი, ნიორი, კვერცხი - 42 751 ლარი) და ასევე ისეთი პროდუქტით მოამარაგებს, როგორიცაა შაქარი, მარილი, მაკარონი, კარამელი, პურის ფქვილი, ჩაი, პური და ორცხობილა (201 395 ლარი).

რძის პროდუქტებით (კარაქი, შესქელებული რძე, ყველი) ზუგდიდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს „ჯი აი სი ჯორჯია“ უზრუნველყოფს, რისთვისაც 257 445 ლარი გამოიყო. კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული ბაღებს წელიწადში 174 874 ლარად შპს „ჯი-ეს-სიმ“ უნდა მიაწოდოს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 65 საბავშვო ბაღია. ჯამში მათი საკვებით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტში 1 102 461 ლარია გათვალისწინებული.
Print