რეგიონი
დევნილთა სამინისტროს საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდში რეგიონში მომუშავე არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დევნილებს შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრის მოადგილის ცნობით, 2018 წლის გაზაფხულზე, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, მიმდინარეობს კიდევ 6 კორპუსის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელ ფართს 360 დევნილი ოჯახი მიიღებს. ამასთან, დევნილ ოჯახებს საშუალება მიეცემათ ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადები, ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეავსონ, რაც დაზოგავს მათ დროსა და ხარჯებს. ამ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ სამინისტროსა და რეგიონალურ სამმართველოებში მიიღება.


როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამინისტრო მუშაობს ახალ პროექტზე, რომლის თანახმადაც, დევნილ ოჯახს, რომელიც მშენებარე კორპუსში იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს ბინას, სამინისტრო პირველად შენატანს (მაქსიმუმ 20 000 ლარი) დაუფარავს.

საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების პრობლემასაც შეეხო. გიორგაძის თქმით, სამინისტრო უახლოეს მომავალში მთავრობას წარუდგენს პროექტს, რომლის დამტკიცების შემდეგ, ნებისმიერ დევნილ ოჯახს შესაძლებლობა მიეცემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი ქონება დაირეგისტრიროს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ შეკრებილებს დაბრუნებული მიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლმა ჯემალ ჭკადუამ სამინისტროს წარმომადგენელებს ჰკითხა, ინეტრესდებოდა თუ არა სამინისტრო შესახელების შემდეგ დევნილთა პირობებით, რომლებიც მათ ახალ დასახლებაში ექმნებოდათ. მან აქვე დასძინა, რომ ლაღიძის ქუაზე არსებულ კორპუსებში პირველ სართულზე მცხოვრებ დევნილებს ნესტი აწუხებთ, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. რაზეც მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ პრობლემას შეისწავლიან და გადაამოწმებენ.

კითხვები ასევე შეეხებოდა საბავშვო ბაღებიდან დევნილთა გასახლების პროცესს, დევნილთათვის სტატუსის შესაძლო გაუქმებას, მიწის რეგისტრაციის საკითხს და ა.შ.

შეხვედრას სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანის თქმით, სამინისტროს წარმომადგენელებს საკუთარი პრობლემების შესახებ უამბო, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო.

„ორი წელია, რაც აფხაზეთიდან გადმოვედი, რადგან მინდა, რომ შვილებმა განათლება აქ მიიღონ. თუმცა იმ ჩასახლებაში, სადაც ვცხოვრობთ არ არის შესაბამისი პირობები. ჩემი პრობლემების შესახებ მოვახსენე, მოისმინეს და შევისწავლითო“, - თქვა ნინელი სოფიამ.


აღნიშნული შეხვედრა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც ესწრებოდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიას ინიციატივით გაიმართა.




Print