რეგიონი
სამეგრელოში „გირჩის“ მიერ დაარსებული ორგანიზაციის 150-ზე მეტი მღვდელმსახური ჯარში ვერ მიჰყავთ
სამეგრელო-ზემო სვანეთში ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაში გაერთიანებული იმ ასაკის მამაკაცების რაოდენობა, ვისაც ჯარში წასვლა უწევს, შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, დღითი დღე იზრდება.

მუნიციპალიტეტების სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას უფროსები ამბობენ, რომ ისედაც მცირე კონტიგენტი კიდევ უფრო მცირდება და საშემოდგომო გაწვევის შემდეგ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებულთა რაოდეობა, უმეტეს შემთხვევაში, გაორმაგებული ან გასამმაგებულია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყველაზე მეტი რაოდენობა ბოლო ორი გაწვევის შემდეგ ზუგდიდში დაფიქსირდა. შესაბამისი სამსახურის უფროსის გია მანჯგალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზუგდიდიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში, იმ მიზეზით, რომ ისინი რელიგიურ ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებული, 48 ახალგაზრდა მამაკაცი ვერ გაიწვიეს.

30-მდე წვევამდელმა წარმოადგინა რელიგიური ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი წალენჯიხაში მაშინ, როცა საშემოდგომო გაწვევის დროს ასეთი სულ 10-12 ადამიანი იყო.

ჩხოროწყუში კი, თუკი წინა გაწვევის დროს 3-4 ასეთი ცნობის მქონე მამაკაცი იყო, საგაზაფხულო გაწვევის დროს, ჯერჯერობით, 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

24-მდე შესაბამისი ასაკის მამაკაცი ვერ გაიწვეს ჯარში სენაკშიც, მარტვილში კი მათი რაოდენობა 12-ს შეადგენს. რაც შეეხება ფოთს, რელიგიური ორგანიზაციის 24 -მა წევრმა უწყებაში სასულიერო პირის დამადასტურებელი დოკუმენტი მიიტანა.

ყველაზე ნაკლები შემთხვევები კი აბაშასა და ხობში დაფიქსირდა, სადაც აღნიშნული ცნობა 7-7-მა მამაკაცმა წარმოადგინა.

სამსახურების უფროსები ამბობენ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ. მათი თქმით, კანონმდებლობაში ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც აღნიშნულ საკითხს დაარეგულირებს.

რეგიონული განვითარების სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ დეკემბრის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ზემოაღნიშნული მიზეზით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების 1 700, საგაზაფხულო გაწვევის დროს კი, რომელიც ივნისის დასაწყისში სრულდება, თითქმის ორმაგი, 3000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული საკითხი პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის განვითარების კომიტეტის გასვლით სხდომაზე ანაკლიაში ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ წარადგინა. მისი კითხვის პასუხად კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განმარტა, რომ თემაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მუშაობს.



“საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება” პოლიტიკურმა მოძრაობა “გირჩმა” 2017 წლის მარტში დაარეგისტრირა. რელიგიური ორგანიზაციის დამფუძნებლების თქმით, მისი მთავარი მიზანი სწორედ იმ ახალგაზრდების დახმარებაა, რომლებსაც მათი ნების წინააღმდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა უწევთ. 

"ჩვენი მთავარი მიზანია თავისუფლება, როგორც სავალდებულო საყარაულო სამსახურისგან, ასევე რელიგიური თავისუფლებაც. ხელისფლება ადრეც ბევრჯერ ეცადა ჩვენი წინააღმდეგ წასვლას, თუმცა არ გამოუვიდა. არ ვიცი, რას აპირებენ, მაგრამ ამ საკითხში უკან დახევას არ ვგეგმავთ. ჩვენ ვართ სრულოფილი ეკლესია", - უთხრა რადიო "ათინათს" ბიბლიური თავისუფლების მთავარმა მღვდელთმსახურმა ნიკა ობოლაძემ.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის „ლ“ პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურში გაწვევა პირს გადაუვადდება, თუკი ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.


Print