რეგიონი
ზუგდიდის საკრებულო საზოგადოება "ზუგდიდელთან" ურთიერთობის გაწყვეტას არ გეგმავს
ზუგდიდის საკრებულო საზოგადოება „ზუგდიდელთან“ თანამშრომლობის გაწყვეტის საბაბს ვერ ხედავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოების წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას არ იღებენ და ისინი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ საკუთარ აზრს გამოთქვამენ. რაც შეეხება მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, საკრებულოში ამბობენ, რომ ამაზე ისინი პასუხს ვერ აგებენ.

„ისინიც ჩვეულებრივ საზოგადოების ნაწილი არიან და კარს ვერავის ვერ მივუხურავთ“, - აცხადებენ საკრებულოში.

მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

საზოგადოება „ზუგდიდელთან“ თანამშრომლობის შეწყვეტას მოუწოდებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას. შესაბამისი პეტიცია მოქალაქე ეგნატე შამუგიამ შეიმუშავა. ავტორი საზოგადოება "ზუგდიდელის" გამგეობის თავმჯდომარეს მურმან ნაჭყებიას ანტიდასავლური განწყობების პროპაგანადას, სიძულვილის ენის გამოყენებასა და ჰომოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. პეტიცია manifest.ge-ზე გამოქვეყნდა და მას უკვე 50-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.




Print