რეგიონი
გიგა ოთხოზორიას დედა: იმედი მაქვს ეს რეზოლუცია სხვის შვილებს დაიცავს
საქართველოს პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის მიღებით არც არჩილ ტატუნაშვილს და არც გიგა ოთხოზორიას ეშველება რამე, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს მომავალში სხვის შვილებს დაიცავს - ამის შესახებ რადიო "ათინათს" გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ უთხრა.

"ამ რეზოლუციისთვის მხარის დაჭერას დიდი იმედით ვუყურებ. იმედი მაქვს, რომ გიგას და არჩილის მკვლელები დაისჯებიან. ვფიქრობ, ეს რეზოლუცია იქნება შემაკავებელი, რომ მომავალში მაინც არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა. რატომ გაჭიანურდა ამ რეზოლუციის მიღება, აი ეს არ მესმის, ვის უშლიდა ეს ხელს", - აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია 110-მა დეპუტატმა გაიარა. პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია.

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 26 დღიანი ლოდინის შემდეგ გუშინ გადმოასვენეს. გიგა ოთხოზორია კი 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.

ამავე თემაზე:

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს
Print