ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარისა და დაპირისპირებულების შეფასებები სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე (ვიდეო)
„ქართული ოცნება“ გმობს და ემიჯნება ზუგდიდის საკრებულოში დღეს მომხდარ დაპირისპირებას. ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ეს იყო ორი პოლიტიკური პარტიის დაპირისპირება, რაც მათი ამორჩევლისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.



„ყველანაირად ვგმობთ და ვემიჯნებით იმ ფაქტს, რაც მოჰყვა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დაფუძნების შესახებ ცნობას. ორმა პოლიტიკურმა პარტიამ მიუღებელი ფორმით წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. კიდევ ერთხელ გამოავლინეს ის ფორმები, რითაც ისინი საკუთარ მოსახლეობას და ამომრჩევლებს ეპყრობოდნენ. ეს მიუღებელია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოებისათვის. ეს იყო მათი ამომრჩევლების, ჩვენი ამომრჩევლების და მთლიანად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შეურაცხყოფა. ჩვენ ერთი საათით ადრე სხდომამდე განვიხილავდით საკრებულოს ეთიკის კოდექსს, რომელსაც უნდა იცავდეს საკრებულოს წევრი, რათა პირველ რიგში პატივი სცეს საკუთარ მოსახლეობას, რაც დღეს ყველანაირად დარღვეული იქნა მათ მიერ. უმრავლესობა გმობს და ემიჯნება ამ ფორმით პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობას. საკრებულო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და გაფრთხილებას მისცემს მათ“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მომხდარს დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა დაპირისპირების მონაწილე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ. მისი თქმით, ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო დაგეგმილი.



„ჩემთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ პარტიის პოლიტიკური ინტელექტი გაუთანაბრდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ ინტელექტს. ეს ნათლად ჩანდა წარსულშიც და ახლაც გამოჩნდა“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ანა წითლიძეს, მისი განმარტებით, ინციდენტი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.



„ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. კონფლიქტი მოჰყვა ჩვენს განცხადებას ფრაქციის შექმნასთან დაკაშირებით. ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განცახადება და ამის უფლება გვქონდა. ძალიან ცუდია, რომ „ევროპული საქართველო“ ასეთი აგრესიულობით გამოირჩევა. ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მეძავეების სტატუსი“, - თქვა წითლიძემ.



ზუგდიდის საკრებულოს სდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია და „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია დაუპირისპირნენ. უთანხმოება ყოფილ თანაპარტიელებს შორის  „ევროპული საქართველოს“ ფრაქციად ჩამოყალიბებას მოჰყვა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოს წევრები სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

Print