ახალი ამბები
რა ბედი ელოდება ჩვილს, რომელიც ზუგდიდში ჭიშკარზე ჩამოკიდებული იპოვეს
ორი დღის წინ ზუგდიდში ნაპოვნ მიტოვებულ ჩვილს, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, საავადმყოფოდან გამოყვანის შემდეგ დროებით მინდობით აღმზრდელ მშობელს გადასცემენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სოციალური სამსახურის იურისტმა უტა მიქაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეატყობინა, რის შემდეგაც ის სოციალურმა მუშაკმა მოინახულა. კანონის პროცედურების შესაბამისად, ჩვილის ბიოლოგიური მშობლების დასადგენად მაქსიმალური ვადა 6 კვირაა. 

„ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიციას ბავშვის ბიოლოგიური მშობლების დასადგენად. თუ 6 კვირის განმავლობაში მათი ვინაობა ვერ დადგინდა, უკვე სასამართლოს მივმართავთ, რომ მას მიტოვებულის სტატუსი მიენიჭოს. სტატუსის მინიჭების შემდეგ კი გაშვილების პროცედურები დაიწყება“, - აღნიშნა მიქაძემ.

სოციალური სამსახურის იურისტის ცნობით, ზუგდიდში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვილის მიტოვების მხოლოდ ერთი ფაქტი 2017 წელს დაფიქსირდა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოს, სავარაუდოდ, მალე დატოვებს.

მიტოვებული ჩვილი ზუგდიდში ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი დღის წინ იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ის პოლიეთილენის პარკში იყო და სახლის ჭიშკარზე ეკიდა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

მამაკაცი, ვის სახლთანაც ჩვილი იპოვეს: შიშველი ბავშვი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული

ზუგდიდში ახალშობილი ქუჩაში იპოვეს
Print