რეგიონი
ზუგდიდში სააღდგომოდ გარევაჭრობას ითხოვენ (ვიდეო)
გარემოვაჭრეები, რომელებიც შპს „ნიუ ნათის“ ტერიტორიაზე მუშაობდნენ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვას ათი დღით, აღდგომამდე ითხოვენ. მათმა ნაწილმა აღნიშნული ტერიტორიის დაკავება დილით სცადა, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად აკრძალვისა, რამდენიმე მათგანი მუშაობას ბაზრის წინ ამ დრომდე აგრძელებს.

„სხვა გზა არ გვაქვს, იქ მუშაობა არ არის და სააღდგომოდ, 10 დღე მაინც, რომ დაგვაყენონ იმას ვითხოვთ. იქ შედითო გვითხრეს, შეგვპირდნენ ყველანაირ სამუშაო პირობას შეგიქმნითო, თუმცა, არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს“, - ამბობენ მოვაჭრეები.


გარემოვაჭრეები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიი აქციების გამართვას გეგმავენ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ქალაქში გარევაჭრობა აკრძალულია და ის არ დაიშვება. რაც შეეხება რამდენიმე მოვაჭრეს, რომელიც აკრძალულ ტერიტორიაზე მუშაობს, ჯაიანის თქმით, მათ ადგილს მალე დაატოვებინებენ.

გარემოვაჭრობის მოთხოვნით ზუგდიდში ორი კვირის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა. მოთხოვნა მერიამ არ დააკმაყოფილა, თუმცა მათ ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე არსებულ საფეხბურთო მოედანზე ვაჭრობის ნება მისცა. 

Print