ახალი ამბები
"ბიბლიოთეკარი ბიბლიოთეკარებს"- წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გიო კილაძის წიგნის „ბიბლიოთეკარი ბიბლიოთეკარს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ავტორმა საკუთარი ნამუშევრის შესახებ ისაუბრა და ზუგდიდელ ბიბლიოთეკარებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. კილაძის თქმით, ის წიგნს, რომელიც გასულ წელს გამოიცა, ხუთი წლის განმავლობაში წერდა.

„ვაპირებდი სამსახურიდან წასვლას და ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა, ერთგვარი დამშვიდობება, თუმცა ბიბლიოთეკა აღარ დამიტოვებია. წიგნი ეხება ბიბლიოთეკას, როგორც დიდ და რთულ სისტემას და იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება რესურსებს. მე ერთნაირად ვუყურებ ეროვნულ, ქალაქის თუ სოფლების ბიბლიოთეკებს, რადგანც ყველგან არის ატესტაცია, რეორგანიზაცია, პროეტქების განვითარება... ჩემი აზრით, მათ საერთო გამოწვევები აქვთ, მათ შორის, წიგნიერების ამაღლება. ვგულისხმობ როგორც ბეჭდურ, ასევე, ელექტრონულ წიგნებს. საკითხები, რომლებზეც წიგნში ვსაუბრობ, განხილულია სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენცაზე“, - აღნიშნა კილაძემ.



შეხვედრა ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინიციატივით გაიმართა. ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილების უფროსის ირმა კვირკვიას თქმით, აღნიშნული წიგნი და მისი ავტორის გამოცდილება ადგილობრივ ბიბლიოთეკარებს სამომავლოდ საქმიანობაში დაეხმარება.

„მასში მოცემულია ჩვენი კოლეგის ხედვები, პროექტები, მაგალითები... ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, მოგვცემს მაგალითს, რომ გავიზიაროთ მისი გამოცდილება და ჩვენს მომავალ საქმიანობაში გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა კვირკვიამ.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და სკოლების ბიბლიოთეკარები დაესწრნენ.


Print