ახალი ამბები
დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე ზუგდიდში (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზუგდიდელებმა ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. მათ გამსახურდია კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს.



„31 მარტი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და გამსახურდიას დაბადების დღე. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მის მიმართ მადლიერებას, რადგან მან მოახერხა დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ ერის კონსოლიდაცია, რაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმში ხალხის სრული მხარდაჭერით გამოიხატა, მოგვიანებით კი საფუძვლად დაედო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს ყველაფერი პირველი პრეზიდენტის სახელთანაა დაკავშირებული. მიგვაჩნია, რომ ის იყო გამორჩეული ფიგურა და თაობები მომავალში კიდევ უფრო დააფასებენ მის ღვაწლს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.



ღონისძიებაზე, რომელზეც მოსწავლე -ახალგაზრობის სასახლის მოცეკვავეებმა ხორუმი იცეკვეს და ანსამბლმა „ოდოიამ“ ეროვნული სიმღერები შეასრულა, გამსახურდიას მომხრეები და თანამებრძოლებიც იმყოფებოდნენ.



„ის იყო უდიდესი პიროვნება, დიდი კონსტანტინეს შვილი და გოლგოთაგამოვლილი პრეზიდენტი. მას უნდოდა, რომ ხალხს ეცხოვრა ერთიან და ძლიერ საქართველოში“, - უთხრა ჟურნალისტებს „ეროვნული მოძრაობის“ ქალთა ბატალიონის მეთაურმა დალი ლატარიამ.



1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად - 98%-მა, დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.



Print