რეგიონი
დევნილი, რომელიც აქციას მართავდა, პროკურორს შეხვდა (ვიდეო)
აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე, რომელმაც შიმშილობის დაწყება დაანონსა,ზუგდიდის რაიონულ პროკურორს ლევან სალიას შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, თაკალანძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურა საქმის მასალებს გაეცნობა და ორ დღეში გადწყდება, გადაეცემა თუ არა ის სასამართლოს.

„პროკურორ ლევან სალიას შევხვდი. ორი დღე მაცალეო, მითხრა და გადაწყდება სასამართლოს გადაეცემა თუ არაო. დაველოდები ეს ორი დღე და შემდეგ, თუ კიდევ არ იქნება შედეგი, დავიწყებ შიმშილობას“, - თქვა მანანა თაკალანძემ.

ადგილზე თაკალანძეს ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა იმყოფებოდა. მისი თქით, საქმის გამოძიება დაწყებულია, თუმცა ის აუცილებლად უნდა დაჩქარდეს, რადგან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი ქირას ვერ იხდის და მათ ამ დღეებში გამოასახლებენ.


„ეს ოჯახი უკვე ვეღარ იხდის ბინის ქირას და ასახლებენ. გამოდის, რომ ცხრა ადამიანი რჩება გარეთ. ირღვევა ექვსი არასრულწლოვანის ინტერესი, ისინი უსახსრობის გამო ვერ დადიან სკოლაში უკვე 4 თვეა. წუხელ ელექტროენერგიაც ჩაუჭრეს იმის გამო, რომ კომუნალურებს ვერ იხდიან. ვითხოვთ ამ საქმის გამოძიება დააჩქარონ“, - აღნიშნა თანდილა ჯოლოგუამ.

მანანა თაკალანძე ამბობს, რომ მისი საკუთარი ბინა, რომელიც 2017 წელს დევნილთა ჩასახლებაში სახელმწიფომ მიაკუთვნა, მოტყუებით, შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძიმაშვილმა თავის საკუთრებაში გადაიფორმა. როგორც თაკალანძე ამტკიცებს, მასა და ბარძიმაშვილს შორის უძრავი ქონების გაცვლა უნდა მომხდარიყო, თუმცა მას ხელი ნასყიდობაზე მოაწერინეს.


შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილე მანანა ბარძემაშვილი ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფს. მისი ინფორმაციით, გაუგებარია, რაში ადანაშაულებენ თაკალანძეები მას. ბარძემაშვილი ამბობს, რომ გაცვლის შესახებ შეთანხმება კანონის სრული დაცვით შედგა, რაც შეეხება სახლის გადაფორმებას, ეს პროცედურულ საკითხებს უკავშირდება.

„სახლის გაფორმებასთან დაკავშირებით იყო რაღაც ტექნიკური საკითხები. მე მათ შევთავაზე ნაწილის გადაფორმება, როგორც ამის საშუალება იყო, თუმცა, თავად მოისურვეს, რომ სრულად გადაფორმებულიყო, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. უბრალოდ, არის გარკვეული პროცედურული საკითხები, რაც ვერ მოესწრო. 10 თვე ცხოვრობდნენ ამ სახლში და დღემდე არ ვიცი, რატომ წავიდნენ სახლიდან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბარძემაშვილმა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ცობით, დანიშნულია ექსპერტიზები და მათი დასრულების შემდეგ მიიღებენ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, მან თაკალანძეებს სახლში დაბრუნება და სურვილის შემთხვევაში, იქ დარჩენა შესთავაზა. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 180-ე თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილე თაღლითობის ბრალდებაზე: გაურკვეველ სიტუაციაში ვარ


Print