ახალი ამბები
ბიამ ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ბიზნესის ინფორმაციის სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში თემაზე "ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევები და განვითარების ახალი შესაძლებლობები" მორიგი შეხვერდა გამართა. სამეგრელოში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს ორგანიზატორებმა რეგიონული ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები, სამეგრელოს რეგიონის სტატისტიკა, ინფორმაციის მოძიების, ანალიზის და მედიასთან კომუნიკაციის ახალი გზები გააცნეს.

„ჩვენ წინასწარ შევისწავლეთ მათი ინტერესები და პრობლემები. გამოიკვეთა, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია. რაც შეეხება გამოწვევებს, ექსპორტის მიმართულებით შეგვიძლია დავეხმაროთ მათ“, - აღნიშნა ბიას დირექტორის მოადგილემ სალომე კუკავამ.



შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიაც დაესწრო. მისი თქმით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უახლოეს დღეებში დაიწყება.

„სოფლებში უკვე სპეციალური ტექნიკით დავიწყებთ შეწამლვას, ტყეებში კი ე.წ. „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპით, რომ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე მაქსიმალურად ნაკლებად იყოს და მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - თქვა ლიპარტიამ.

საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის დემურ ფიფიას თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია.



„ქართულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე აქვს დიდი პოტენციალი და თუ ვინმე დაგვეხმარება ევროპის ბაზარზე გატანაში, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ მივესალმებით“, - აღნიშნა ფიფიამ.

შეხვედრას ადგილობრივი მეწაემეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


Print