ახალი ამბები
ზუგდიდელი მკვლევარი „ქვა-ტახტისთვის“ ტურისტული დანიშნულების მინიჭებას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისტორიკოს-მკვლევარმა ციცო შენგელაიამ საკუთარი კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვის ფილა ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლია. შენგელაიას მტკიცებით, წერილობით წყაროებსა და ზეპირ გადმოცემებში მოცემულია, რომ აღნიშნულ „ქვა-ტახტზე“ მოქალაქეების საჩივრებს სამართლებრივად განიხილავდნენ, განსჯიდნენ და ვერდიქტს გამოაცხადებდნენ. რაც შეეხება ცაცხვის ხეს, რომელიც დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოშია, 600 წლოვანია და მასზე მართლმსაჯულება აღესრულებოდა.




მკვლევარი ასევე ამბობს, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისა და აღსრულების ეს ფორმა მე-17 და მე-19 საუკუნებში იყო.



“დადიანები სჯიდნენ სამართალს და ვერდიქტს აცხადებდნენ. ეს ქვა აუზის ტერიტორიაზეა გადატანილი. სასჯელაღსრულების ხე კი მუზეუმის ეზოშია. მე წლების განმავლობაში მივმართავდი ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მოგვეტანა ქვა, აღგვედგინა ტახტი, რესტავრაცია გაკეთებულიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა... ახლა კი უპრიანია მისი ადგილზე დაბრუნება. ეს არის მომავლის საქმე, რომ ვიცოდეთ, ჩვენი წინაპრები სამართალს როგორ განიხილავდნენ“, - აღნიშნა შენგელაიამ.

შეხვედრას საკრებულოს წევრები, ისტორიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ააიპ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავაც იმყოფებოდა, რომელმაც თქვა, რომ ის ქვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან გატანის წინააღმდეგია. საბოლოოდ, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ობიექტებისთვის ტურისტული დანიშნულების მინიჭება განხილვის საგანი უნდა იყოს.



„ხაზგასმა იყო იმაზე, როგორი სამართლებრივი ევოლუცია განიცადა ქართულმა მართლმსაჯულებამ... ვფიქრობ, საინტერესოა მოსაზრება ტურისტული დანიშნულების მინიჭების შესახებ, რომელიც ფართო საზოგადოებამ უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება შემდეგ იქნეს მიღებული“, - თქვა საკრებულოს წევრმა სანდრო სორდიამ.

შენგელაიას თქმით, შეხვედრის მიზანი სამეგრელოს რეგიონში ტურისტული განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტურისტული პროდუქტის ფორმირებაა, რომლის მიხედვით შესაძლებელია "ქვა-ტახტის", როგორც სამეგრელოს კუთხის სამართლის ისტორიის სიმბოლოს განთავსება დადიანების სასახლეთა წინამდებარე ტერიტორიაზე, 600 წლოვან ცაცხვის ხესთან.



Print