რეგიონი
"არ გადაუხადო შონია-შენგელიას" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში კომპანია "თაუნ პარკის" მიერ დაწესებული გადასახადები გააპროტესტა "მოძრაობა სამეგრელოს ხმის" ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ. მან პრესკონფერენცია სამგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შენობის მიმდებარედ გამართა, სადაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ "თაუნ პარკის" უკან გუბერნატორი ლევან შონია და მისი მეგობრები დგანან.

"ეს არის ათი ათასობით ზუგდიდელზე თავს მოხვეული კრიმინალური სქემა. ქალაქის მთელ ცენტრალურ პერიმეტრს შონია-შენგელიას მიერ ორგანიზებული სისტემა აკონტროლებს, რის საფუძველზეც ზუგდიდელებს ხუთი წუთით მანქანის გაჩერებისთვის ახდევინებენ 1-2 ლარს. მძღოლები და მათი ოჯახის წევრები არიან უკმაყოფილონი, მაგრამ ვერ იღებენ ხმას, იმიტომ რომ საქმე აქვთ თაღლითებთან, დაკანონებულ კორუფციასა და კრიმინალთან", - აღნიშნა ჯგუშიამ.



აღნიშნული განცხადების შემდეგ კეიდიას ქუჩაზე გადაინაცვალა და მძღოლებს მოუწოდა, არ გადაიხადონ პარკირების ფული. ამასთან, მან მოქალაქეებს თაბახის ფურცლები წარწერით: "არ გადაუხადო 2 ლარი შონია-შენგელიას" დაურიგა.

მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ლიდერმა გუბერნატორ ლევან შონიას სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმართა.

"შონია, მალე გაგაგდებ აქედან და შენი მომავალი გაიტესტება ორთაჭალის ან გლდანის ციხეში", - თქვა მან.



სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

"თენგიზ ჯგუშიას ბრალდებები ყოველგვარ სიმართლეს მოკლებულია, მას მსგავსი არასერიოზული განცხადებები არაერთხელ გაუვრცელებია, რის შესახებაც საზოგადოებამ კარგად იცის. რაც შეეხება "თაუნ პარკს", მისი მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მათთან პირადი ან ირიბი კავშირი გუბერნატორს არასდროს ჰქონია. თენგიზ ჯგუშიას ქმედებები მხოლოდ მისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს და მიზნად გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას ისახავს", - თქვეს გუბერნიაში.

ცნობისთვის, "თაუნ-პარკს" ქალაქის ცენტრალური ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში კომპანიამ ყოველწლიურად 200 000 ლარი უნდა შეიტანოს. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია "თაუნ პარკს" შორის 2017 წლის ივლისში დაიდო.

Print