რეგიონი
კვლევა: გამოკითხულთა 90% დევნილთა შემწეობის შენარჩუნებას ითხოვს (ვიდეო)
საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „საუნჯემ“ დევნილთა შემწეობის საკითხის მნიშვნელობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანლის იაგო ფასანძის თქმით, ზუგდიდში, ფოთსა და გალში სულ 235 დევნილი გამოიკითხა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულია, თუმცა მათ არ გააჩნიათ საარსებო წყარო და მთლიანად დამოკიდებულები არიან დევნილთა შემწეობაზე. გამოკითხულთა 70%-ს არ გააჩნია ინფორმაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს მიერ შემუშავებული 4 ალტერნატივის შესახებ. ამავე გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტების 90% ფულადი შემწეობის შენარჩუნებას ითხოვს.

„კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა,რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დევნილთა შემწეობას მათთვის და რას ფიქრობენ ისინი სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ რეფორმაზე. ჩვენ შევისწავლეთ დევნილთა დამოკიდებულება და ვაწარმოებთ ადვოკატირების კამპანიას იმისთვის, რომ დაცული იქნეს დევნილთა უფლებები და სახელმწიფოს მიერ არ იქნეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათთვის მტკივნეული იქნება“, - აღნიშნა ფასანძემ.

შეხვედრაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათი შეფასებით, დევნილთა სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმა, რომლის მიხედვითაც დევნილებისთვის შემწეობის გაცემის წესი იცვლება, ნაჩქარევია და გადახედვას საჭიროებს.

კვლევა "საუნჯეს" პროექტის "მოქალაქეთა ჩართულობა დევნილის შემწეობის რეფორმის პროცესში" ფარგლებში მომზადდა, რომელიც ლტოლვილთა დანიის საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების ფონდის (CIUS) მხარდაჭერით განხორციელდა.




Print