რეგიონი
ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების გადაცემის საკითხს კომისია განიხილავს
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას დევნილთა და განსახლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებიც შედიან. ამავე ინფორმაციით, კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის.

ზუგდიდში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 5361-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

კომისიის მუშაობის შედეგად კი გამოვლინდება ის 240 დევნილი ოჯახი, რომლებსაც ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

„კომისიის მუშაობის დასრულებისა და სიის გამოქვეყნების შემდეგ, მინისტრის მოადგილეები და კომისიის წევრები ზუგდიდში ყველა იმ დევნილს შეხვდებიან, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესის შესახებ გარკვეული შეკითხვები ექნებათ. დევნილების მიღება იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ უკვე დაასრულა სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით შემოსული განაცხადების განხილვა და 350-მდე დევნილი ოჯახისთვის სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება“ , - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში დევნილების ნაწილი მინიჭებული ქულებით უკმაყოფილოა (ვიდეო)
Print