ახალი ამბები
ურთას სკოლის მოსწავლეები სავარაუდოდ ფაროსანას შესაწამლი პრეპარატებით მოიწამლნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთას საჯარო სკოლის სამი მოსწავლე, სავარაუდოდ, აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით მოიწამლნენ, რის შემდეგაც ბავშვები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს.

სკოლის დირექტორმა ლამარა ქარდავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ სამივე მოზარდი სკოლისკენ მიმავალ გზაზე იყო, როცა აღნიშნული შემთხვევა მოხდა.

„საგაკვეთილო პროცესი დაწყებული არც იყო, ბავშვები მოდიოდნენ სკოლაში და იქ შეისუნთქეს ეს კვამლი, როგორც ჩანს. ჩვენ გაფრთხილებული ვიყავით ამ წამლობის შესახებ და სკოლის ტერიტორია არც შეუწამლავთ“, - თქვა ქარდავამ.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ სეს-ის მიერ შეწამლვითი სამუშაოების დროს უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. მათივე ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულებებიც გაფრთხილებული იყო და აღნიშნული ტერიტორიები არც შეწამლულა.

"შტაბის მიერ სოფლის რწმუნებულების, მათ მიერ კი მოსახლეობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების გაფრთხილება ხდება 24 საათით ადრე, ასევე გაიცემა შესააბამისი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ წამლობის პროცესში. სხვა მხრივ, აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის გაკეთება ჩვენს კომპეტენციას სცდება. ამასთან, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, არ ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება",  - უთხრეს რადიო „ათინათს“ შტაბის პრესსამსახურში.

საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტები დაწესებულებაში დაუზუსტებელი ინსექტიციდების ტოქსიური ეფექტით შეიყვანეს. მისისვე თქმით, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ამ დრომდე გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩებიან.


Print