ახალი ამბები
ლაშა გოგია "რუსთავი 2"-ისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებაზე: პოსტი მომეწონა და გავაზიარე
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჯერ აღნიშნული განცხადება გააზიარა, მოგვიანებით კი პოსტიც დაწერა, რომელშიც ბიზნესმენებისადმი მიმართვა და ტელეკომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადება იკითხება.

“თხოვნით მივმართავ ბიზნესმენებს, კომპანიების დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს: გთხოვთ გაითვალისწინოთ 24 მაისის საპატრიარქოს განცხადება და არ განათავსოთ თქვენი კომპანიის რეკლამა რ2-ის ეთერში. რ2 ემსახურება რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას. მეგობრებო, ვინც ეთანხმებით ჩემს ინიციატივას, გთხოვ მოიწონოთ და გააზიაროთ თქვენს გვერდზე“, - წერია პოსტში, რომელიც თავად ლაშა გოგიასაც მოწონებული აქვს.



რადიო „ათინათმა“
ზუგდიდის მერს ჰკითხა, ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა გავრცელებული პოსტი მას. მერმა გვიპასუხა, რომ მას ეს პოსტი არ დაუწერია, თუმცა ერთ-ერთი ფეისბუქმომხრაბელის გვერდიდან აიღო. ამ დროისთვის აღნიშნული პოსტი მის გვერდზე არ იძებნება.

„ეგ იყო კომენტარის სახით, რომელიც გავაზიარე, როგორც გავაზიარე საპატრიარქოს განცხადება. არ მახსოვს, ვისი პოსტი იყო, მაგრამ მომეწონა და დავეთანხმე. პოსტი არ წამიშლია, არ ვიცი, წაშლილია თუ არა, არ შევსულვარ ფეისბუქზე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გოგიამ.

გოგიას პოსტს გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, რომელშიც მერი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

„ჩემს მშობლიურ ქალაქ ზუგდიდს კიდევ თავს ლაფის დასხმა მერი რომ ყავს, სირცხვილი და თავის მოჭრა. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ“, - აღნიშნულია ნიკა გვარამიას პოსტში.

საქართველოს საპატრიარქომ „რუსთავი 2“-ს ბოიკოტი გამოუცხადა და შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

Print