ახალი ამბები
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ (ვიდეო)
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეურთდნენ. მათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ზუგდიდელებს მიულოცეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დღევანდელი დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მომავალში ამ დღის აღნიშვნა გამთლიანებულ საქართველოში ისურვა.



„ეს დღე საქართველოს ისტორიაში და სამეგრელოს რეგინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დამოუკიდებლობის აქტს ორმა ზუგდიდელმა სპირიდონ კეიდიამ და ალექსანდრე ჩიქავამ მოაწერა ხელი. ეს დღე ზუგდიდში 1919 წელს გრანდიოზულად აღინიშნა, მინდა სრულიად საქართველოს რეგიონის მოსახლეობას მივულოცო დღევანდელი დღე და ვისურვებდი, აფხაზ და ოს ძმებთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე“, - აღნიშნა შონიამ.

განსაკუთრებულად მიულოცა დამოუკიდებლობის დღე ჯარისკაცებს ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ.



„მინდა, ჩვენს ჯარისკაცებს მივულოცო პირველ რიგში. მუნიციპალიტეტის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს დღეს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას და ხედავთ, ზუგდიდი როგორ ხვდება დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ხალხს გამთლიანებულ, ძლიერ, დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებ“, - თქვა ლაშა გოგიამ.

საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ კი აღნიშნა, რომ ზუგდიდი დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილეს შესაბამისად ხვდება.



„ვულოცავ სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს. ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს იმის იმედით, რომ უახლოეს მომავალში ერთად სიყვარულით აღვნიშნავთ. ზუგდიდი დღეს ღირსეულად ხვდება იუბილეს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუმრები მიიღებენ უდიდეს სიამოვნებას“, - დასძინა წოწერიამ.



დამოუკიდებლობის დღე დღეს დილიდან ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებით მასშტაბურად აღინიშნება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო (ფოტო)

Print