რეგიონი
დადიანების ეზოში მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე გამოცხადებული აუქციონი შეწყდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დადიანების სასახლის ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონი შეწყვიტა. ის 18 მაისს გამოცხადდა და დღეს უნდა დასრულებულიყო.

რადიო "ათინათი" აუქციონის შეწყვეტის მიზეზების გასარკვევად ეროვნულ ბიუროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ დეტალების გასარკვევად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, რაზედაც პასუხს არაუმეტეს 10 დღეში მივიღებთ.

საუბარია 995 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელიც კერძო მესაკუთრე გია უბირიას იპოთეკით აქვს დატვირთული. საწყისი ფასი 482 ათას 250 ლარი იყო.

მანამდე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ლევან ქარდავას ეკუთვნოდა. მაშინ ქარდავამ  „ათინათს“ უთხრა, რომ მიწის შეძენა სთხოვეს და ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა. ქარდავა ასევე ამბობდა, რომ სასტუმრო უკრაინაში არსებული ვორონცოვის სასახლის მსგასი იქნებოდა, რომელიც არქიტექტურით დადიანების სასახლის მსგავსია. ნაკვეთი ქარდავამ გადეპუტატობამდე ეკონომიკის სამინისტროსგან 2007 წელს 135 ათას დოლარად შეიძინა და 2014 წლამდე ფლობდა. მას ქონება ყადაღის გამო აღსრულების ბიურომ გაუყიდა. მაშინ აღნიშნული ტერიტორია აუქციონით მოქალაქე გია უბირიამ შეიძინა.

ამავე თემაზე:

აღსრულების ეროვნული ბიურო დადიანების ეზოში მიწის ნაკვეთის ნაწილს ყიდის
Print