რეგიონი
"გოგონები მომავლიდან" - ფოტოგამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის არტ გალერეაში დინა ოგანოვას დოკუმენტური ფოტოები "გოგონები მომავლიდან" გამოიფინა, რომლებზეც ქართველი გოგონები არიან აღბეჭდილები. ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე მოზარდების ისტორიებს მოგვითხრობს.



პროექტი UNFPA-ს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მომზადდა. ორგანიზატორების თქმით, მისი მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.


ღონისძიებას UNFPA - გაეროს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სააგენტოს წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი კარლ კულე ესწრებოდა. მან შეხვედრაზე მყოფ ახალგაზრდებს კითხვით მიმართა, უფიქრიათ თუ არა იმაზე, რა ემართება ქალს, როდესაც ის ნაადრევად ქორწინდება.



"ამ კითხვაზე პასუხი ახლავე არ მჭირდება, მაგრამ თქვენ თვითონ იფიქრეთ ამაზე, თუ რა პრობლემებს აწყდება ქალი, როდესაც ქორწინდება ადრე, ჰყავს შვილი... იფიქრეთ თუ რა პრობლემებს აწყდება ის. საქართველოში ყოველი მეშვიდე ან მერვე გოგონა ნაადრევად ქორწინდება", - თქვა კარლ კულემ.

შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია იმყოფებოდა. მან თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხელს შეუწყობს პროგრამის განხორციელებას. 



"მნიშვნელოვანია ნათლად დავანახოთ საზოგადოებას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გენდერულ თანასწორობას, გოგონებისთვის თანაბარი პირობებისა და გარემოს შექმნას", - აღნიშნა წოწერიამ.

ღონისძიებას პროექტის რამდენიმე მონაწილე ესწრებოდა. ახალაგზარდები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის კუთხით.

"მე მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ დავიკავე მოპედების შეჯიბრში პირველი ადგილი. მაშინ ჩემს გარშემო მყოფები ჩემს გამარჯვებას კი არა, მონაწილეობასაც ეჭვის თვალით უყურებდნენ. მე მიხარია, რომ ვსწავლობ ტექნიკური მიმართულების სკოლაში, სადაც ადრე ბიჭები დომინირებდნენ. დღეს ჩვენ ერთმანეთს ღირსეულ და ჯანსაღ კონკურენციას ვუწევთ", - ამბობს მარიამ გედენიძე.



ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც UNFPA-ს საქართველოს ოფისი ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა. პროექტი დაფინასებულია შვედეთის მიერ. რეგიონში მისი პარტნიორია ასოციაცია „ათინათი“.

Print