ახალი ამბები
სოლიდარობის აქცია ზუგდიდში დღეს საღამოს განახლდება
ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან სოლიდარობის აქცია დღეს საღამოს 19 საათზე განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

„ 2 ივნისს, 19:00 საათზე, ზუგდიდის მთავარ პროკურატურასთან, ვიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას იმ ოჯახებს, რომლებიც დღემდე ამაოდ ეძებენ სამართლიანობას. გამოდით ყველანი! ეს უნდა იყოს, ყოველგვარი ვიწრო პარტიული კლიშეებისაგან თავისუფალი აქცია სადაც თავის სიტყვას იტყვის მოქალაქე! მხოლოდ ირაკლი შოთაძის გადადგომა არ არის გამოსავალი, გამოსავალია სისტემურად პრობლემური საგამოძიებო სისტემის დანგრევა, რომელიც თითქმის 15 წელია ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებას, რომელიც 15 წელია ხელმძღვანელობს შერჩევითი სამართლის პრინციპით და ხელს აფარებს დამნაშავეებს. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს, სისტემა უნდა დაინგრეს და გაიწმინდოს დამნაშავეებისაგან, ძალაუფლება ჩვენშია, მოქალაქეებში და დავანახოთ იგი ხელისუფლებას!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში ორი დღის წინ დაიწყო.
აქციების პარალელურად საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

თბილისში გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე მოკლეს. საქმეზე სასამართლომ განაჩენი 31 მაისს გამოიტანა, რომლის თანახმადაც ორი დაკავებულიდან ერთ-ერთი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, მეორე კი სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სარალიძის მკვლელის ვინაობა გამოძიებული არ არის. განაჩენის შემდეგ პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა. მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელებს ხელს პროკურატურის მაღალჩინოსნები აფარებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ახალგაზრდებმა თენგიზ ჯგუშიას სიტყვის უფლება არ მისცეს (ვიდეო)
Print