ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია: ზუგდიდში სარალიძის მხარდამჭერ აქციას ლგბტ თემი სათავისოდ იყენებს (ვიდეო)
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია, რომელსაც პროკურატურის წინ გუშინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, მიიჩნევს, რომ ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციას ლგბტ თემი ზუგდიდში საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს. ამის შესახებ ჯგუშიამ საკუთარ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისთვის მიუღებელია არგუმენტი, რის გამოც მას აქციაზე მიკროფონი არ მისცეს და ამტკიცებს, რომ იქ, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მშობელი იყო მისული და არა როგორც პოლიტიკოსი.

„ზუგდიდში რაც მოხდა, იყო ამაზრზენი. სიტყვის თავისუფლებას ვერ შეზღუდავს ვერცერთი მცირე ჯგუფი. მივიღე აქტიური მონაწილეობა სარალიძის სოლიდარობის აქციების ორგანიზებაში. ის, რაც მოხდა ბოლოს, სუს-ის და ხელისუფლების სცენარის ხელშეწყობით აქციის დაშლა იყო. აქციის წამყვანის ამპლუაში მოგვევლინნენ ადგილობრივი ლგბტ თემის წარმომადგენლები და ვერავის მივცემთ უფლებას სერიოზული აღშფოთებით მანიპულირება მოახდინოს. მე იმ აქციაზე არ ვყოფილვარ როგორც პოლიტიკოსი, მე ვიყავი როგორც მშობელი სარალიძისთვის სოლიდარობის გამოსახატად და ვერცერთი ლგბტ აქტივისტი მიკროფონს თავხედურად ჩაბღაუჭებული სიტყვის უფლებას ვერ დამიშლის. მათ ჰქონდათ სურვილი თავისი სტატუსის პროპაგანდირებისა, გააკეთეს არაგულწრფელი განცხადებები და აანთეს ლგბტ ფერებში შაშხანები“, - აღნიშნა ჯგუშიამ.

მას დღეს არ უთქვამს, კონკრეტულად ვინ და რა სახის მოწოდება გააკეთა აქციაზე ლგბტ თემის პროპაგანდისთვის, თუმცა დააკონკრეტა, რომ, მისი თქმით, დისკრიმინაციულ განცხადებას არ აკეთებს და სიტყვის თქმისა და გაპროტესტების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, აღნიშნული თემის წარმომადგენლებსაც აქვთ. ამავე დროს, ჯგუშიამ დასძინა, რომ „ზუგდიდი ლგბტ აქტივისტების გვერდით არ დადგება“.

„მათ აქვთ პროტესტის, თუმცა არა მონოპოლიზების უფლება. ჩვენ გადავარჩინეთ აქცია, რომელზეც ყველაზე სუფთა და გულწრფელი ახალგაზრდები იდგნენ, ისინი კი დაშლისკენ მოუწოდებდნენ. ეს იყო ძალადობა ამ მცირე ჯგუფისგან. არ შეიძლება ისინი ამ ყველაფერს საკუთარი პოპულარიზაციისთვის იყენებდნენ. მე ყველა ჯგუფის უფლებებს ვაღიარებ, თუმცა მათთან საერთო ღირებულებები არ მექნება“, - დასძინა მან.

გარდა ამისა, ჯგუშიამ თქვა, რომ მედიამ გუშინდელი მოვლენები ცალმრივად გააშუქა.

„იქ გუშინ ყველა თაობის ადამიანი იყო და მე გუშინდელი მოვლენების სრულყოფილი ანალიზი ვერ ვნახე. არ შეიძლება, მოვლენები გაშუქდეს ცალმხრივად. ზუგდიდი მათ გვერდით არ დადგება და არც არავინ, გარდა შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდებისა, იქ იყვნენ სხვებიც, რაც თქვენ, სამწუხაროდ, ობიექტურად არ გააშუქეთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯგუშიამ.

რაც შეეხება დღეს დაგეგმილ აქციას, თენგიზ ჯგუშიამ განმარტა, რომ ის მოვლენების განვითარებას დააკვირდება და „პროცესების ესკალაციას“ არ აპირებს. მისივე თქმით, ის თბილისში საპროტესტო აქციაზე ჩასვლას გეგმავს.

გუშინ გამართულ აქციაზე ახალგაზრდებსა და ჯგუშიას შორის, პროკურატურის შენობის მიმდებარედ, მცირე შელაპარაკება მოხდა. სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი და ყოფილი პარლამენტარი სიტყვის უფლებას ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა მას განუმარტეს, რომ იქ პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ იყო და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით, საპროტესტო გამოსვლები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა და მისმა თანამოაზრეებმა გააგრძელეს. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ახალგაზრდებმა თენგიზ ჯგუშიას სიტყვის უფლება არ მისცეს (ვიდეო)
Print