რეგიონი
ზუგდიდელი ახალგაზრდები: ვემიჯნებით პოლიტიკურ აქციას, თუმცა ვრჩებით სარალიძის მხარდამჭერად
ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ქალაქში აქციებს მართავდნენ, შესაძლოა პროტესტის გამოხატვა ქუჩებში არ გააგრძელონ. ისინი ამბობენ, რომ ემიჯნებიან თბილისში მიმდინარე აქციას, რომელმაც მათივე ინფორმაცით, პოლიტიკური სახე მიიღო. მიუხედავად ამისა ახალგაზრდები ზაზა სარალიძის მხარდამჭერებად რჩებიან და სამართლინაობის აღდგენას კვლავ მოიხოვენ. მათ ამასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს:

„მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ აქციის ძირითადი მიზანი, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტული ძალმომრეობითი სისტემის აღმოფხვრისაკენ, რომელმაც თავის მხრივ შეიწირა ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე, გადაიზარდა პარტიულ ქიშპში, რომლის ფარგლებში პარტიული სინიდკატები ცდილობენ აქციიდან დივიდენდების მიღებას. ახალგაზრდები პირველივე დღიდან გულწრფელად იდგნენ და დგანან შვილმოკლული მშობლების გვერდით, განსაკუთრებით აქციის შემომქმედი ზაზა სარალიძის გვერდით, რომელმაც არსებული სისტემის წიაღში ვერ იპოვა სამართალი. ძალმომრეობითი სისტემა, რომელიც დამკვირდებულია და ფესვგადგმულია ხელისუფლების ცალკეულ შტოებში, სათავეს იღებს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების პერიოდიდან, რომელიც არის და იყო მორგებული პრივილეგირებულთა შტოს. სამოქალაქო პროტესტის ფარგლებში, აქციის ავტორებმა, კერძოდ ახალგაზრდებმა მიუხედავად პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან არაერთი მცდელობისა არ დაუთმეს მათ ტრიბუნა, ვინაიდან გულწრფელი პროტესტი არ გადაზრდილიყო პარტიულ მოწოდებებში. ჩვენი ახალგაზრდების მოთხოვნა რჩება უცვლელი, კერძოდ ხელისუფლებამ უზრუნველყოს დროული და ეფექტური საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებზე, პასუხის გაცემას. გამოვლინდეს ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობას იღებდა დანაშაულებრივი ქმედების დაფარვაში და მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ამასთანავე, რაც მნიშვნელოვანია სამართალდამცავ და პროკურატურის სისტემაში უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს ეფექტრური საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას და ადამიანის უფლებების ჯეროვან დაცვას. ახალგაზრდები არასოდეს შევეგუებით უთანასწორო დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ და ყოველთვის დავდგებით სამართლიანობის სადარაჯოზე. აქვე დავსძენთ, რომ ჩვენ თვალყურს მივადევნებთ განვითარებულ მოვლენებს, რის საფუძველზეც ერთად შევიმუშავებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას“, - აცხადებენ ისინი.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე - ჩატარებული ოპერაციების მიუხედავად, ორ დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არასრულწლოვნების ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში სასამართლომ გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.



Print