ახალი ამბები
ზვიად კუპრავა ზუგდიდში მოსახლეობას ხვდება
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა ზუგდიდში იმყოფება. ის ხალხს ბაზრის ტერიტორიაზე შეხვდა და 10 ივნისს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„მე არავინ შემიკრებია, ადამიანებს ბაზარში შევხვდი. ზვიად ლაგვილავას ოჯახში ვიმყოფებოდი, მივდივარ გიგა ოთხოზორიას ოჯახში და ვაპირებ შევხვდე ყველა შვილმკვდარ მშობელს. ასე კარდაკარ ვხვდები ყველას, რადგან მე, ზაზა (სარალიძე. ავტ) და მაჩალიკაშვილი (მალხაზ. ავტ) არ ვიბრძვით მხოლოდ ზაზას შვილის გამო. ჩვენ ვიბრძვით ყველასთვის, ყველასთან დავდივარ, ყველაფერს ვინიშნავ. ბაზარში ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ თვითონ ვერ მოვიდოდა აქციაზე და მთხოვა, რომ სახელით გამოვიდე აქციაზე და მისი სახელით ვიბრძოლო. აუცილებლად შევუსრულებ მას ამ თხოვნას. ეს ბრძოლა ყველასია და ყველას ეხება“, - აღნიშნა კუპრავამ.

რადიო „ათინათის“
კითხვაზე, აპირებს თუ არა ის რეგიონებიდან ხალხის მობილიზებას და რა ფინანსებით, ამბობს, რომ მხარდაჭერას სხვადასხვა ბიზნესიდან ელოდება.

„ჩვენ მწირი ფინანსები გვაქვს, ერთი ავტობუსი მაინც რომ დავაყენოთ, ძალიან ბევრია, ვინ გვთხოვა. ამ წუთას ამის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია,  მაგრამ ჩვენ ველაპარაკებით ბიზნესმენებს და ადამიანებს, რომლებსაც სურთ, გარკვეული მონაწილეობა მიიღონ ამ ბრძოლაში. მთელი სამი დღე გვაქვს წინ და ამ ადამიანების დახმარებით ავტობუსებს დავაყენებთ. მე, პირადად  ფული არ მაქვს, არც ზაზას აქვს და არც მაჩალიკაშვილს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიძიოთ სახსრები“- თქვა ზვიად კუპრავამ.

მისივე განმარტებით, ამავე მიზნით ხვალ აჭარის, შემდეგ იმერეთის რეგიონში აპირებს გამგზავრებას, ამის შესახებ კი ზაზა სარალიძეც ინფორმირებულია.

„ევროპიდან ჩამოსვლის შემდეგ შევხვდი ზაზას და მქონდა ვრცელი საუბარი მასთან, მათ შორის, ამ შეხვედრების შესახებ და შემიძლია გითხრათ, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ კუპრავამ.

10 ივნისს თბილისში მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ორგანიზატორები ხალხის მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ.


Print