რეგიონი
სენაკელი ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელებს ზეწოლაში ადანაშაულებს, საოლქო პროკურატურაში იმყოფება (ვიდეო)
21 წლის სენაკელი გიორგი ჭანია, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პროკურატურაში შესვლამდე უთხრა. როგორც ჭანია ამბობს, უწყებიდან მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც მასზე ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა.

„გასულ წელს, მეგობრებთან ერთად, ყაჩაღობის ბრალდებით დამაკავეს. პოლიციელების მხრიდან იყო ზეწოლა. გვაიძულებდნენ ის დანაშაული გვეღიარებინა, რომელიც არ ჩაგვიდენია. შემოდიოდნენ და გვემუქრებოდნენ. 30-მდე თანამშრომელი იყო. ხელკეტების დემონსტრაციას ახდენდნენ. გვეუბნებოდნენ, თუ არ აღიარებთ, გაგაუპატიურებთო. ჩემთან ერთად ვინც იყო, მას სცემეს კიდეც. პოლიციასთან არანაირი შეხება არ მქონია და არც ვყოფილვარ ნასამართლევი. 13 წლიდან ხელოსნად ვმუშაობ. ვარემონტებ შენობებს არამარტო სენაკში, არამედ სახვა ქალაქებშიც. ბრალად მობილურ ტელეფონისა და 85 ლარის გატაცება გვედება. ამის გულისთვის დაგვიჭირეს. სასამართლო პროცესები გრძელდება უკვე ერთი წელია და არაფერი შედეგი არ გვაქვს. გირაოს სანაცვლოდ ვართ გამოშვებული ორივე. ჩემთან ერთად ვინც არის, გამოჩენის ეშინია. ფიქრობს, რომ პოლიცილების მხრიდან მასზე უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება და საჯაროდ გამოჩენისგან თავს იკავებს“, -ამბობს ჭანია.

სენაკელი ახალგაზრდა იმ პოლიციელების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, მასზე იძალადეს.

„მე ვფიქრობ, რომ მითვალთვალებდნენ და ჩემი დაჭერა უნდოდათ, იმიტომ რომ მათთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვი. სანამ დამაკავებდნენ ერთი თვით ადრე, პოლიციელებმა გამაჩერეს და შემომთავაზეს მეთანამშრომლა მათთან. მითხრეს, ჩემს უბანში მცხოვრებ ახალგაზრდებზე მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაზეც უარი ვთქვი. ალბათ, ამიტომ დამიჭირეს... გამოკითხვის ოქმში წერია, თითქოს, ჩვენ ვაღიარეთ დანაშაული, არადა ეს პოლიციელებმა დაწერეს. ჩვენ არ ვცნობთ თავს დამანშავედ და ამას დავამტკიცებთ კიდეც“, - თქვა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საკუთარ ოფიციალურ ვებ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ამავე ცნობის მიხედვით, გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.


ამავე თემაზე:

პოლიციის მხრიდან სენაკელი ახალგაზრდის მიმართ შესაძლო ფიზიკურ ძალადობაზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

Print