ახალი ამბები
სარალიძის მხარდასაჭერად დაღუპული ბესიკ ჯგუშიასა და ზვიად ლაგვილავას ოჯახები გაემგზავრნენ
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად ზუგდიდიდან თბილისში ბესიკ ჯგუშიასა და ზვიად ლაგვილავას ოჯახის წევრები გაემგზავრნენ.

ჯგუშიას მეუღლის სოფო კვარაცხელიას ინფორმაციით, თბილისში ბესიკ ჯგუშიას დედა წავიდა.

„აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს სარალიძეს და მის მოთხოვნებს. ამასთან, ჩემი მეუღლის საქმეში არაფერია გამოძიებული. ობიეტურობას და სიმართლის დადგენას ვითხოვთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ კვარაცხელიამ.

მხარდაჭერას უცხადებს სარალიძეს ზვიად ლაგვილავას ოჯახიც. მისმა მეუღლემ ცირა მალანიამ გვითხრა, რომ მათ სარალიძეების ახლა ყველაზე კარგად ესმით.

„თბილისში გაემგზავრა ზვიადის დედა და და. სინდისი არ გვაძლევს უფლებას შორიდან ვუყუროთ ამ ამბებს. ჩვენც შვილმკვდარი ოჯახის ვართ და გვესმის მათი ტკივილი. ზვიადის შემთხვევაშიც სამართლიანობა აღსადგენია“, - თქვა მალანიამ.

აქციაზე არ მიემგზავრებიან, თუმცა თანაუგრძნობენ და გვერდში უდგანან ზაზა სარალიძეს გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები.

„გარკვეული მიზეზების გამო ახლა ვერ წავალთ, თუმცა, ნამდვილად გვერდში ვუდგავართ და სრულ თანადგომას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს“, - აღნიშნა გიგა ოთხოზორიას ცოლმა ნინო მატკავამ.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერ სოლიდარობის აქციაზე, რომელიც დღეს 16 საათზე თბილისში, ყუფილი პარლამენტის შენობის წინ გაიმართება, ზუგდიდიდან დღეს დილით გაემგზავრნენ. აქციის მონაწილეები, რომლებიც ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან შეიკრიბნენ, 15-მდე სამარშუტო ტაქსითა და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილით მიემგზავრებიან.

ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე საწყობში აფეთქების შედეგად ბესიკ ჯგუშია გასული წლის მაისში დაიღუპა. რაც შეეხება ზვიად ლაგვიალავას, ის საკუთარ კაბინეტში სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარი აფეთებისას ადგილზე გარდაიცვალა.  ოჯახებს გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. გიგა ოთხოზორია კი 2016 წლის 19 მაიის ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე, საოკუპაციო ხაზთან მოკლეს. მკვლელობაში მსჯავრდებული ამ დრომდე დაკავებული არ არის.

ამავე თემაზე:

შვილმკვდარი დედები ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე (ფოტო)

თენგიზ ჯგუშია: ბესიკ ჯგუშია კონტრაბანდული სქემის გაშიფვრას შეეწირა (ვიდეო)

სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს (ვიდეო)

გიგა ოთხოზორიას დედა: პოლიტიკური ნების არარსებობამ დამნაშავის დასჯის პროცესი შეაფერხა

ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე ზუგდიდიდან მხარდამჭერთა კოლონა გაემგზავრა (ვიდეო)

Print