ახალი ამბები
ზუგდიდისთვის დაპირებული 50 ავტობუსის შესაძენი თანხა ჯერ არ არის მოძიებული
ზუგდიდის მერიამ გასული წლის დეკემბერში გააჟღერა დაპირება, რომლის მიხედვით 2018 წლიდან მუნიციპალიტეტში 50 ახალი ავტობუსი იმოძრავებდა. პროექტზე მუშაობა იმთავითვე დაიწყო მერიის შპს „ზუგდიდის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა“.

რადიო „ათინათი“ დაინტერესდა რა ეტაპზეა ამ მიმართულებით მუშაობა 6 თვის შემდეგ. მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა თენგიზ ქობალიამ გვითხრა, რომ პროექტი მსოფლიო ბანკს უკვე გადაუგზავნეს.

„ამ წლის დასაწყისში გავუგზავნეთ პროექტი მსოფლიო ბანკს და ახლა დაფინანსების შესახებ მათი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ“, - აღნიშნა ქობალიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ერთი ახალი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსის შეძენაა დაგეგმილი, რისთვისაც სამ ამორტიზებულ ტრანსპორტს გაყიდიან.

„ერთი ასეთი ავტობუსი ჯდება 80 000 ლარი. გვინდა, რომ ბიუჯეტში გავაკეთოთ ეკონომია. ამ ეკონომიისა და სამი ამორტიზებული , მათ შორის, ერთო ბოგდანის ტიპის ავტობუსის გაყიდვა და ამის ხარჯზე შშმ პირებისთვის ადაპტირებული სატრანპორტო საშუალების ყიდვა“, - თქვა ქობალიამ.

„ზუგდიდის ტრანსპორტის“ დირექტორი ბადრი ნემსაძემ ამბობს, რომ მან პროექტი 50 ავტობუსის გათვალისწინებით მოამზადა, რომლის მიხედვით ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მოემსახურება.

„პროექტის მიხედვით დეტალურად არის გაწერილი ყველა მიმართულება, ავტობუსების მოძრაობის პერიოდები და კონკრეტული ადგილები. პროექტი საჭიროებისამებრ გავწერე, უპირველესად კი მგზავრთნაკადის მიხედვით. ამავე პროექტის მიხედვით, ახალი ავტობუსები რამდენიმე ისეთ სოფელშიც იმოძრავებს, სადაც აქამდე მხოლოდ სამარშუტო ტაქსებია, მაგალითად, ჯიხაშკარში, ცაცხვში, ჭაქვინჯში, რუხში და ა.შ.თუ იქნება მეტის საშუალება, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებების, მათ შორის, სოფლებისკენ დამატებაც შეიძლება“, - აღნიშნა ნემსაძემ.

ამ ეტაპზე ზუგდიდის მერიის შპს ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ბალანსზე 22 ავტობუსი ირიცხება, აქედან 20 მუშა მდგომარეობაშია, თუმცა, როგორც შპს-ში აცხადებენ, მათი შენახვა სიძველის გამო ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში 50 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება



Print