რეგიონი
კორცხელის სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებულები უნდა დაკითხულიყვნენ გადაიდო
კორცხელის საქმესთან დაკავშირებით, დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულები გიორგი გოგიძე, კობა ტყეშელაშვილი, ნოშრევან წურწუმია, გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა სხდომა გადაიდო. ამის მიზეზად მოსამართლე შოთა ბიჭიამ ბრალდებულების ადვოკატის მიერ გამოგზავნილი განცხადება დაასახელა.

„ბრალდების მხარე განცხადებით შემოვიდა. ისინი განმარტავენ, რომ ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან დღეს გრიგოლ ტყემალაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და ამ დღის ორგანიზებაში გარდაცვლილის ოჯახს უნდა დაეხმარონ“, - განმარტა მოსამართლემ სხდომაზე.

შემდეგი სასამართლო სხდომა 27 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება.

ერთ-ერთი ბრალდებული 26 წლის გრიგოლ ტყემალაძე 5 მაისს უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ტყემალაძე პანკრატიონის ფედერაციის წევრი და ჭიდაობა გრეპლინგში მსოფლიოს ჩემპიონი იყო.

ე.წ კორცხელის საქმეზე, რომელიც თითქმის 2 წელია მიმდინარეობს, 100-მდე მოწმე დაიკითხა.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, რომელთა ნაწილიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს.


Print