რეგიონი
„მომავლის თაობის“ შემაჯამებელი ღონისძიება ზუგდიდის ტექნოპარკში (ფოტო, ვიდეო)
ასოციაცია "ათინათმა" ზუგდიდის ტექნოპარკში პროგრამა „მომავლის თაობის“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელშიც განხორციელებული პროექტების პრეზენტაციები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტნიორ სკოლებში შექმნილი სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს. ბიბლიოთეკები, ფაროსანასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, აზარტული თამაშების შესახებ კვლევა - ეს იმ აქტივობების ნაწილია, რომელიც სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბებმა განახორციელეს. 



პრეზენტაციას პროგრამის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი თამარ ფრუიძეც დაესწრო, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



"ვეხმარებით პედაგოგებს, აიმაღლონ ცოდნა, რომ უფრო მრავალფეროვანი გაკვეთილები ჩაატარონ, რისთვისაც ტარდება ტრენინგები. სკოლებში შეგვაქვს დამხმარე სახელმძღვანელოები, რაც სასწავლო პროცესს უფრო მაღალხარისხიანს ქმნის. მოსწავლეებს ვრთავთ სკოლის გარე პროექტებში, რაც ხელს უწყობს მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია, ამ კუთხით მუშაობა გავაძლიეროთ, რათა ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ და იზრუნონ საკუთარ სკოლაზე, სოფელსა თუ თემზე. იცოდნენ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა და შექმნან ის, მიიღონ მონაწილეობა ცვლილებების პროცესში“, - აღნიშა თამარ ფრუიძემ.



თავად მოსწავლეების თქმით, პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა, რაშიც აქტიური ბავშვები იღებენ მონაწილეობას. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი ძალებით დადებითი ცვლილებების მოხდენა შეძლონ და მსგავს აქტივობებს მომავალშიც გეგმავენ.



2018 წლიდან სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ახალ 230 სკოლას უწევს დახმარებას. „მომავლის თაობის“ ფარგლებში ასოციაცია ,,ათინათი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 32 სკოლაში მუშაობს. „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას.



პარტნიორ სკოლებში პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეები განახორციელებენ არაერთ საზოგადოებისა თუ სკოლისთვის სასარგებლო ინიციატივას. ასეთი საქმიანობით ხელი შეეწყობა მოსწავლეებში კარგი მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.



პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".

ამავე თემაზე:

პროგრამა „მომავლის თაობის“ ახალი ეტაპი დაიწყო (ვიდეო)

Print