რეგიონი
„მამის დღე“ ზუგდიდში პირველად აღნიშნეს (ფოტო, ვიდეო)
ასოციაცია „ათინათის“ და ცენტრალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ზუგდიდში „მამის დღე“ პირველად აღინიშნა. ღონისძიება კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში გაიმართა. მას მამები შვილებთან ერთად დაესწრნენ. შეკრებილებს მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნი "იავნანა ლილისთვის" წაუკითხა.




ახალგაზრდა მამას დავით ლოგუას „მამის დღის“ აღნიშვნის იდეა მოსწონს და მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში მამა, დედასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.

„ჩვენ გავიზარდეთ ისეთ სივრცეში, სადაც მამა იყო ერთგვარად განყენებული ცნება, მასთან ურთიერთობა რაღაც ჩარჩოებში იყო მოქცეული და ბავშვებს, ძირითადად, ურთიერთობა დედასთან ჰქონდათ. საბედნიეროდ, დღეს უკვე პროცესები სხვანაირად განვითარდა და მამა მთავარ აქტორად გვევლინება შვილის აღზრდის საკითხში“, - აღნიშნა მან.



მომღერლებმა ვახო გოგილავამ და ლაშა თოდუამ სიმღერები შვილებთან ერთად შეასრულეს. პატარებმა კი მამებზე ლექსები წაიკითხეს.



„უმნიშვნელოვანესი დღეა, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვისაუბროთ მამებისა და შვილების ურთიერთობებზე. ეს ღონისძიებები უკვე რამდენიმე წელია ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის კამპანიის ფარგლებში და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ საკითხის წინ წამოწევაში. ხშირად საბაბად მოგვყავს და ვამბობთ, რომ შვილებს ნაკლებ დროს ვუთმობთ, იმიტომ, რომ საქმეები გვაქვს, დატვირთულ და სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ. სინამდვილეში ამ მიზეზებისგან უნდა გავთავისუფლდეთ და მეტი დრო, მეტი საათები და წუთები უნდა გამონვახოთ, გამოვტაცოთ საქმეს შვილებთან ურთიერთობისთვის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ.




ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, რომელიც 2016 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით ხორციელდება, „მამის დღის“ აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბურ ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის აუცილებლობას.

Print