ახალი ამბები
ბოტანიკური ბაღის დასუფთავება დასრულდა (ფოტო)
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი - დასუფთავება და ეკალ-ბარდებისგან გაწმენდა დასრულდა. მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაღის ტერიტორიაზე პარალელურად რამდენიმე სამუშაო მიმდინარეობს, მათ შორის, მიწისქვეშა არხების გაყვანა, შენობების აღდგენა-რეაბილიტაცია და ახალი ნაგებობების მშენებლობა.



ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაიწყო.



უსაფრთხოების გამო დაკეტილია ბაღის შესასვლელები.



ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯავა“ ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ზუგდიდს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50%-ს მერია 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო დანარჩენს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს.

პროექტის მიხედვით, ლანდშაფტური იერსახის გაუმჯობესების გარდა, გათვალისწინებულია სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო, მათ შორის, შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი საპირფარეშოს, შიდა წყალსადენების, კანალიზაციის მოწყობა და სხვა.

ამავე თემაზე:

როგორი იქნება ბოტანიკური ბაღი (ვიდეო)

Print