ახალი ამბები
წოწერია: "თაუნ პარკს" დავალიანების გადასახდელად ვადა თვის ბოლომდე აქვს
შპს „თაუნ პარკს“, რომელსაც ზუგდიდის მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, თანხა კვარტალურად უნდა გადაეხადა, დავალიანების დაფარვის ვადა ივნისის ბოლომდე აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.



„დღეის მდგომარეობით, საიჯარო ქირა და საჯარიმო დავალიანება 55 000 ლარია. ჩვენ ვაძლევთ კომპანიას გონივრულ ვადას თანხის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს ავამოქმედებთ“, - აღნიშნა წოწერიამ.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელი ბაბუში ყუფუნია ამბობს, რომ აღნიშნულ ვადაში „თაუნ პარკი“ ბიუჯეტში ფულს შეიტანს. კითხვაზე, რატომ აქვს დავალიანება კომპანიას და რატომ არ გადაიხადა თავის დროზე ნაკისრი თანხა, ყუფუნიამ გვიპასუხა, რომ მას ვადა თვის ბოლომდე აქვს.



„ჩვენ ამ დავალიანებას გადავიხდით როგორც დაკისრებულია, თვის ბოლომდე დადგენილ ვადაში“, - თქვა ყუფუნიამ, რომელიც კომპანიაში მენეჯერის პოსტზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. 

ბოლოს თანა შპს „თაუნ პარკმა“ მიმდინარე წლის თებერვალში 51 411 ლარის ოდენობით შეიტანა. რადიო "ათინათის" მიერ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ დავალიანება სულ ოთხჯერ - იანვარსა (ერთხელ კვარტალური თანხა და 2 ჯარიმა) და თებერვალში გადაიხადა, რაც ჯამში 107 669 ლარს უდრის.

ხელშეკრულების თანახმად კი რომელიც მერიასა და "თაუნ პარკს" შორის გასული წლის სექტემბერში დაიდო, კომპანიას წლის განმავლობაში 203 000 ლარი კვარტალურად უნდა გადაეხადა.

ამავე თემაზე:

"თაუნ პარკს" ზუგდიდის ბიუჯეტში თანხა თებერვლის შემდეგ არ შეუტანია
Print