რეგიონი
TI-ს შეხვედრა, შენიშვნები „თაუნ პარკს“, რეკომენდაციები და წარმომადგენლის პასუხები (ვიდეო)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში ზუგდიდში არსებულ პარკირების სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. მას კომპანიის, ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე პარკირების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს. საკრებულოში ფრაქცია „ენმ“- ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ განაცხადა, რომ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც აუქციონი ჩატარდა, რომლის პირობები, წითლიძის მტკიცებით,  სწორედ „თაუნ პარკს“ მოარგეს, ხოლო სხვა კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ. აღნიშნული კატეგორიულად უარყო საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და დასძინა, რომ დღეს პარკირების სისტემაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს და იზიარებს. გარდა ამისა, წითლიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, მისი ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენელი ნიკო შელია დავით შენგელიას ნათლულია, თუმცა წოწერიამ უპასუხა, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარია იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც ამ შემთხვევაში, პარკირების სისტემაში არსებობს. თავად „თაუნ პარკის“ წარმომადგენლის თქმით, ის ნიკა შელიას საერთოდ არ იცნობს.



„ერთადერთი გამოსავალია ხელშეკრულების გაწყვეტა, ახალი აუქციონის გამოცხადება და არსებული პარკირების წესის შეცვლა“, - აღნიშნა წითლიძემ.

მსგავსი შეხვედრის აუცილებლობაზე ისაუბრა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ, თუმცა აღნიშა, რომ შეხვედრა დაგვიანებულია და ამაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.

„დაგროვილი პრეტენზიებისა და კითხვების საპასუხოდ კომპანიამ სექტემბრამდე ხარვეზები უნდა აღმოფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პასუხების გაცემას უკვე სამართლებრივად მოვთხოვთ“, - თქვა შელიამ.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მეტწილად ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, რომელმაც კომპანიის წარმომადგენელს მიმართა და შეახსენა, რომ მათ დავალიანების გადასახდელად ვადა მიმდინარე თვის ბოლომდე აქვთ. ამასთან, წოწერიას თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი იმ შემთხვევაში განიხილება, თუ კომპანია სექტემბრამდე ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

„ვიმედოვნებ, რომ საკრებულოს მიერ მიღებული ცვლილებების პაკეტის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორივე მხარის მიერ მოვალეობების შესრულებას“, - დასძინა წოწერიამ.

TI-ს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას შეფასებით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ხელშეკრულების გადახედვაა. მან მერიასა და „თაუნ პარკს“ ორგანიზაციის რეკომენდაციების და შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

„არსებული სისტემა, მით უფრო, გადახდის სისტემა, შეიცავს კორუფციის ნიშნებს. როცა ვიხდით პარკირების გადასახადს, უნდა გვაძლევდნენ ქვითარს, უნდა იყოს გადახდის ელექსტრონული სისტემა, ამასთან, უნდა დაწესდეს აბონემენტებიც“, - თქვა თოდუამ.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა ბაბუში ყუფუნიამ განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სექტემბრამდე შეასრულებენ, საუბარია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, აბონემენტების დაწესებასა და ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გადახდაზე.



„თაუნ პარკთან“ დაკავშირებული საკითხი რამდენჯერმე გახდა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის უკმაყოფილების საგანი. რამდენიმე დღის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული სისტემა ხარვეზიანია და კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

შპს "თაუნ პარკმა", რომელიც ზუგდიდში პარკირების სისტემის მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში 51 411 ლარის ოდენობით შეიტანა. რადიო "ათინათის" მიერ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ დავალიანება სულ ოთხჯერ - იანვარსა (ერთხელ კვარტალური თანხა და 2 ჯარიმა) და თებერვალში გადაიხადა, რაც ჯამში 107 669 ლარს უდრის.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მერიასა და "თაუნ პარკს" შორის გასული წლის სექტემბერში დაიდო, კომპანიას წლის განმავლობაში 203 000 ლარი კვარტალურად უნდა გადაეხადა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულო პარკირების საფასურს დაადგენს 

„თაუნ პარკი“: სრულყოფილ ფუნქციონირებას ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ დავიწყებთ 

წოწერია: "თაუნ პარკს" დავალიანების გადასახდელად ვადა თვის ბოლომდე აქვს


Print