ახალი ამბები
ციხელაშვილი დე ფაქტო აფხაზეთის განცხადებაზე: ოთხოზორიას მკვლელი უნდა დაისაჯოს
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათი პოზიცია არის ცალსახა და ოთხოზორიას მკვლელი უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება საერთაშორისო მოლაპარაკებებს, მიაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები არის კონსტრუქციული და მისი შენარჩუნება აუცილებელია.

„ჩვენ ვერ და არ შევურიგდებით, ადამიანის უფლების ხელყოფას, ღირსების შელახვას და წამებას. ყველა იმ შეხვედრის, რომელიც გალში იმართება, მთავარი თემა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და მისი მკვლელის დასჯაა. მკვლელობა უნდა იყოს ყველასთვის შეუწყნარებელი. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ დანაშაულს. დამნაშავეს არ აქვს ეროვნება. რაც შეეხება ისეთ კონსტრუქციულ შეხვედრებს, ეს აუცილებელია, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას მართლმსაჯულების აღსასრულებლად“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ე.წ. „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ შესახებ. მისი თქმით, ეს სია არ არის ერთი პირის მიერ დაკომპლექტებული და მის შედგენაში სამართალდამცავები მონაწილეობდნენ. მასში შეყვანილ პირებს კი აქვთ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსი. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზოგიერთი შეიძლება არ იყოს ცოცხალი, მინისტრი განმარტავს, რომ ეს ვერ იქნებოდა სამართალდამცავებისთვის იმის საფუძველი, რომ საქმე დაეხურათ. 

„ეს სია არ არის დახურული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გაფართოვდეს მიმდინარე გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიის“ შესახებ საკითხს გალის შეხვედრაზე დააყენებს. უწყება სიის დამტკიცებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. დე ფაქტო რესპუბლიკა აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზულ აღშფოთებას გამოხატავს. მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი პრემიერ- მინისტრის მამუკა ბახტაძის ქმედება დესტრუქციულია.


ამავე თემაზე:

აფხაზური მხარე "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გამო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს
Print