ახალი ამბები
ზუგდიდელმა ჟურნალისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ონლაინ გამოცემა “სმო-ნიუსის” დამფუძნებელი და ჟურანლისტი მალხაზ ბასიალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის კობა ქანთარიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. მან შესაბამისი სარჩელი ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში შეიტანა. ბასიალაიას მტკიცებით, გუბერნატორის მოადგილედ ყოფნის პერიოდში კობა ქანთარია და მისი თანმხლები პირი მისთვის ავტომობილის დაჯახებას აპირებდნენ, მოგვიანებით კი ქანთარიამ მას სიტყვიერი, თანმხლებმა პირმა კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“რა გინდა ბიჭო შენ?! ამ სიტყვებით გამომეკიდა ქანთარია. ცდილობდნენ, ჩემს მანქანაში შეტენვას და საქმის გასარჩევად წაყვანას.უშვერი სიტყვებით მაგინებდნენ. მას შემდეგ ამითვალწუნა, რაც მკითხა, რატომ არ ვაპიარებდი კონკრეტულად მას და მე ვუპასუხე, რომ არაფერს აკეთებდა და ვერ გავაპიარებდი. მოვითხოვ, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, რადგან, ჯერ ერთი, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი და მეორეც, თუ პროკურატურა  მისცემს კვალიფიკაციას, რომ დამნაშავეა, ის ნამდვილად არ უნდა იყოს სამეგრელო-ზემო სვანეთში მმართველი პირი", - თქვა ბასილაიამ.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლი კობა ქანთარია ჟურნალისტის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ბასილაია სარჩელს ვერ შეიტანდა იმაზე, რაც არ მომხდარა.

"სადაც უნდა, იქ იჩივლოს, თუმცა,არ მგონია, მას შეეტანა, რადგან არაფერი მომხდარა. ბასილაიას რამე თუ ესიზმრება, არ ვიცი. ვნახოთ, ბასილაიას დაუჯერებენ თუ მე", - თქვა ქანთარიამ.

ჟურნალისტს სამართლებრივ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საია" უწევს.

მალხაზ ბასიალაია გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
Print