სპორტი
ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების ჩასვლასთან დაკავშირებით სფფ ფიფას მიმართავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ დღეს, 4 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ აცნობა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს და მოითხოვა მისგან შესაბამისი რეაგირება. ინფორმაციას სფფ ავრცელებს.

საუბარია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები.

"ჩვენ, ისევე, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, დროული რეაგირებისთვის აღნიშნული ინფორმაცია და ჩვენი პოზიცია სრულად მივაწოდეთ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს - ფიფას. აგრეთვე შესაბამისი რეაგირებისთვის ინფორმაცია და მოთხოვნა გადაიგზავნა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციაშიც. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ნებისმიერი მსგავსი ტიპის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა არ დაუშვას ქართული სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სპორტული ქმედებები", - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.
Print