სპორტი
სფფ: ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის საფეხბურთო ნაკრები არ ჩასულა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ მატჩში, ნიგერიის ახალგაზრდულ საფეხბურთო ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია. სფფ-ის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩავიდა და მატჩი გამართა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ფიფამ, ისევე, როგორც ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ, კატეგორიულად უარყო რომელიმე ოფიციალური საფეხბურთო გუნდის ჩასვლა აფხაზეთში. თუ გამოიკვეთა რამე მსგავსი ინფორმაცია, ჩვენ, ცხადია, ისევ გავამზადებთ საპროტესტო განცხადებას“ - აღნიშნეს სფფ-ში.

"აფსნიპრესი" წერს, რომ სოხუმის დინამოს სტადიონზე ამხანაგური მატჩი აფხაზეთის ე.წ. ახალგაზრდულ ნაკრებსა და ნიგერიის სტუდენტურ ნაკრებებს შორის შედგა. ამავე ინფორმაციით, მატჩზე იმყოფებოდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები.

„ჩვენ ხშირად ვხვდებით არაკეთილმსურველი მეზობლების საწინააღმდეგო ქმედებებს, არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ სპორტშიც.ისინი ყველა შესაძლო ზღვარს გადადიან და ცდილობენ სპორტის პოლიტიზირებას, ივიწყებენ, რომ სპორტი მოუწოდებს ადამიანებს გაერთიანებისკენ და არა გახლეჩისკენ. ყველა პოლიტიკური ასპექტის მიუხედავად, დღეს ჩატარდება ამხანაგური მატჩი ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის და მე არ ვიტყვი „გაიმარჯვოს ყველაზე ძლიერმა“ - მე ვამბობ, „მოდით, გაიმარჯვოს მეგობრობამ და ძმობამ“, - აღნიშნა დე ფაქტო სპორტისა და კულტურის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა ბაგრატ ხუტაბამ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, თავის მხრივ, ნიგერიის გაერთიანებული სტუდენტური გუნდის კაპიტანმა საიდ შინამ თქვა, რომ აფხაზეთში სტუმრობითა და საფეხბურთო ნაკრებთან შეხვედრით მოხარულია.

"ასფნიპრესსის" ინფორმაციით, მატჩი სოხუმში დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ახალგაზრდული ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით 4:0 დასრულდა




ამავე თემაზე:

ნიგერიის ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლო ჩასვლის შესახებ სფფ-მ ფიფას წერილი მიიღო


Print