ახალი ამბები
აბაშის მერია სტიქიაზე: საფრთხე აღარ არსებობს
აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიის შემდეგ სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა მუშაობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში მობილური ჯგუფები ყველა იმ ადგილას არიან გასულები, სადაც სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი გამოიწვია.

„მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაო, მათ შორის, ნაპირსამაგრი, არხების გაწმენდა, ჯგუფები მოსახლეობას სახლების გაწმენდაშიც ეხმარებიან“, - აღნიშნეს მერიაში.

რაც შეეხება წყემსა და ზენათს, სადაც წუხელ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, მერიის ინფორმაციით, აბაშისწყალი კალაპოტსი ჩადგა, მოსახლეობა კი საკუთარ სახლებში დააბრუნეს. მერიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არავითარი საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. ასევე, სპეციალური ჯგუფები სწავლობენ არსებულ მდგომარეობს, რის შემდეგაც დაიწყება ზარალის დათვლა.

საფრთხე აღარ არსებობს სენაკშიც. მერიის ცნობით, ღელეები და მდინარე კალაპოტს დაუბრუნდა. შესაბამისი სამსახურები კი ადგილზე გასულები არიან და პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლაც.



აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტები გუშინ სტიქიამ განსაკუთრებულად დააზარალა. ორივე მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი სავარგულები, ეზოები, ჩაირეცხა შიდა საუბნო და დაზიანდა საავტომობილო გზები.


ამავე თემაზე:

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური: ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე მოსხნილია
Print