რეგიონი
ზუგდიდში ხარისხიანი თხილის ფასი 4 ლარია
ზუგდიდში თხილის ფასი ხარისხის მიხედვით განისაზღვრება და ამ ეტაპზე მისი ღირებულება 1-და 4 ლარამდე მერყეობს. თხილის ჩამბარებელ პუნქტებში ამბობენ, რომ კარგი ხარისხის თხილი იშვიათია და მისი გამოსავლიანობა ძალიან დაბალია.

"ვერ გეტყვით რომელი ზონის სოფლების თხილი ჯობია. აი, ვინც შეწამლა ოდნავ უკეთესია, ვინც არა 10-დან 1-2 ცალი ვარგა, ზოგჯერ ესეც არ გამოდის. ძალიან იშვიათად მოაქვთ კარგი თხილი. 10-დან 8-9 თუ კარგია, მისი ფასი ოთხი ლარია. ზოგადად,  1 ხარისხიან გულს 40 თეთრად ვაფასებთ", - ამბობენ თხილის ჩამბარებელ პუნქტებში.



წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფერმერები, შარშანდელის მსგავსად, უხარისხო მოსავალზე საუბრობენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ გასულ წელს თხილი 100%-ით იყო განადგურებული.

"შარშან საერთოდ არ დაგვკრიფავს. წელს 3-ჯერ შევწამლე და უკეთესი მდგომარეობა. ახლა ჩავაბარე, გატეხეს 20-დან 11 ვარგოდა და კილოგრამზე 2 ლარი გადამიხადეს. ეს ხომ დანახარჯს ვერ ამოიტანს, მაგრამ რა უნდა ქნას კაცმა. შარშან ფაროსანამ და სოკომ ერთნაირად გაანადგურეს მოსავალი, წელს კი ძირითადად ფაროსანამ გააფუჭა", - თქვა ფერმერმა ოთარ აკობიამ.



საქსტატის ცნობით, თხილის ექსპორტი 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 97 მლნ დოლარით შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ახალი ან ხმელი თხილის ექსპორტმა 82.4 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 179.4 მლნ დოლარი იყო. რაც შეეხება 2014 და 2015 წლებს, 183.4 და 176.2 მლნ ლარის მოცულობის თხილის ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 15 136.9 ტონა, 2016 წელს კი  27 108.4 ტონა ახალი ან ხმელი თხილი, გავიდა.
Print