ახალი ამბები
ჭუბერში ადგილობრივებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივების შეხვედრა, რომელიც, დაახლოებით, ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ზურაბ ნიჟარაძემ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ დღევანდელი საუბრით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან.

"სავარაუდოდ, შედგება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ჩავა თბილისში . მათ გვითხრეს, რომ იმუშავებენ ხე-ტყის საკითხზე, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. დაგვეხმარებიან საგრანტო პროგრამებით, ფინანსებით", - თქვა ნიჟარაძემ.

ჭუბერში ადგილობრივებთან შესახვედრად დღეს რეგიონული მართვის განყოფილების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

26 ივლისს ხაიშში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და სპეცრაზმი შევიდა. ხაიშელებმა და ჭუბერელებმა სვანეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს და ითხოვდნენ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. ისინი ამბობდნენ, რომ ადგილობრივები უკანონოს არაფერს სჩადიან და ხე-ტყის მოპოვება მათი ერთადერთი შემოსავალია. სვანები მთავრობას განვითარების სხვა გზების მოძიებას სთხოვენ. ფინანსთაა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი ამბობდნენ, რომ საქმე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს ეხებოდა. საგამოძიებო უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადგილობრივებმა ხელჯოხებითა და ქვებით მათი ავტომობილი დააზიანეს, სპეცრაზმი კი მათი უსაფრთხოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად იყო მობილიზებული. საბოლოოდ, ადგილზე სუბარის ჩასვლის შემდეგ მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმი სოფელს დატოვებდა და საავტომობილო გზაც გაიხსნა. აქვე გახდა ცნობილი, რომ მათთან მოსალაპარაკებლად სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ჩავიდოდნენ.


ამავე თემაზე:

ჭუბერში მოსახლეობას სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი ხვდებიან
Print