ახალი ამბები
ანაკლიასა და ერგეტაში სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ძლიერმა წვიმამ დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ ერგეტის მოსახლეობას. ადგილობრივებმა რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მოვარდნილმა წყალმა მათი მოსავლის, მათ შორის, თხილის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, დაიხოცა ათეულობით შინაური ფრინველი. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.



„ძალიან დიდი წყალი იყო, ასეთი სიტუაცია არ გვახსოვს. შეიძლება იმის ბრალიცაა, არხები რომ არ არის გაყვანილი. ზარალის რაოდენობას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ დახმარება გვჭირდება. არავინ მოსულა ჩვენთან“, - გვითხრეს ადგილობრივებმა.

50-ზე მეტი საკარმიდამო ნაკვეთები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა ანაკლიაში. სტიქიის გამო ტურისტების ნაწილმა სოფელი უკვე დატოვა. კვაშილევების ოჯახში გვითხრეს, რომ მას შემდეგ რაც მათი სახლი წყლით აივსო, მხოლოდ მათგან 12 დამსვენებელი წავიდა.



„ჩვენი შემოსავლის ერთდაერთი წყაროა დამსვენებლები და ფაქტობრივად, დავრჩით ამის გარეშე. ვითხოვთ დახმარებას, რომ რამენაირად აგვინაზღაურდეს ეს ზარალი“, - გვითხრა ოჯახის დიასახლისმა მარინა სვანიძემ.

გადაუღებელი წვიმის შედეგად, განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ სასტუმრო „ოქროს საწმისის“ მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას. წაღებულია შინაური ფრინველი და მოსავალი, მოვარდნილმა წყალმა საოჯახო ტექნიკის ნაწილიც გააფუჭა.




ზუგდიდის მერიში ამბობენ, რომ სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის და მუნიციპალიტეტი, ძირითადად, ინფრასტრუქტურული ნაწილის აღდგენაზე იმუშავებს, რათა შემდგომში მსგავსი პრობლემები არ განმეორდეს.

რამდენიმე დღის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტები დააზარალა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აბაშის, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს.

ამავე თემაზე:

ანაკლიაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ისევ დატბორილია
Print