ახალი ამბები
ზუგდიდში პროფესიული კოლეჯის აღდგენას ითხოვენ (ვიდეო)
საინიციატივო ჯგუფი ზუგდიდში 2009 წელს გაუქმებული კოლეჯის აღდგენას ითხოვს. ამასთან  დაკავშირებით მათ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც  რეგიონში პროფესიული კოლეჯის დაფუძნების აუცილებლობასა და საჭიროებებზე იმსჯელეს. შეხვედრის ორგანიზატორები თვლიან, რომ ადგილზე გადამზადებული კადრები  დასაქმების პრობლემას მოაგვარებს და ახალი თაობის პროფესიული უნარ- ჩვევების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

კოლეჯის ყოფილი დირექტორის იზოლდა ხასიას თქმით, სასწავლებლის დახურვის დღიდან სხვადასხვა უწყებებში არაერთი წერილი გააგზავნა, თუმცა კოლეჯის აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა. მას იმედები პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ გაუჩინა. მამუკა ბახტაძემ მთავრობის მეთაურად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, ზუგდიდში ყოფნისას, ქალაქში პროფესიული კოლეჯი გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღეს როდესაც შეიცვალა სიტუაცია და ქვეყნის პრიორიტეტია პროფესიული სასწავლებლები, ჩვენ პრემიერ-მინისტრთან კვლავ გავაგზავნეთ წერილი და სამოქმედო გეგმა. პრემიერმა ის განათლების სამინიტროს გადაუგზავნა, საიდანაც პასუხი მოგვივიდა, რომ პროფესიული სასწავლებელი აუცილებელია. ჯერ კიდევ შემორჩენილი გვყავს ძველი კადრები, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. აუცილებელია გვქონდეს პროფესიული სასწავლებელი, რომელიც არის საშუალო დონის განათლება. სტუდენტი თეორიასთან ერთად პრაქტიკას გაივლის სხვადასხვა საწარმოში, რაშიც სახელმწიფომაც უნდა შეგვიწყოს ხელი“, - აღნიშნა ხასიამ.

შეხვედრის თანაორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიურო იყო. როგორც დეპუტატმა თქვა, ის ამ თემით დაინტერესებულია და საკითხს საინიციატივო ჯგუფთან ერთად შეისწავლის.

„ამ საკითხის ნაჩქარევად გადაწყვეტა არ შეიძლება. მსჯელობის საკითხია მიზანშეწონილი არის თუ არა ამ კოლეჯის ძველ შენობაში მოწყობა, თუ უფრო თანამედროვე და რენტაბელური შენობის აშენებაა საჭირო. ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ სპეციალისტებთან ერთად, სწორედ ამის შემდეგ უნდა ჩამოვყალიბდეთ, სად, რა ტიპის და რა მასშტაბის პროფესიული სასწავლებელი უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენს რეგიონში“, -ამბობს მერაბ ქვარაია.


ამჟამად, ზემოაღნიშნული კოლეჯის ყოფილი შენობის ოთხივე სართულზე დევნილები ცხოვრობენ, რომლებიც კოლეჯის შენობაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შესახლდნენ. იზოლდა ხასიას მტკიცებით, სასწავლებლის შენობა კარგ მდგომარეობაშია და მის ბაზაზე სასწავლებლის აღდგენა შესაძლებელია.




Print