ახალი ამბები
ზუგდიდში სტუდენტებისა და პედაგოგების უფასოდ მგზავრობისთვის 20 000 ლარი გამოიყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან პედაგოგებისა და სტუდენტების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობისთვის 20 000 ლარს გამოყოფს. შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს ზუგდიდის საკრებულომ მხარი ერთხმად დაუჭირა.

ამ გადაწყვეტილების თანახმად,  მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან ზუგდიდის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები,  აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასოდ იმგზავრებენ.

მერის ლაშა გოგიას ინიციატივას საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, თუმცა  „ევროპული საქართველოს“  წევრმა  ბათლომე შელიამ თქვა,  რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი ამ მომსახურებით სოციალურად დაუცველები ისარგებლებდნენ, პედაგოგებისთვის კი ხელფასების გაზრდაზე იზრუნებდნენ.



„შარშან მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ, ასე ვთქვათ, გაისროლა ეს დაპირება პედაგოგებისთვის და ახლა აღმოჩნდა ისე, რომ ამ პრივილეგიის სტუდენტებთან ერთად ისინიც ისარგებლებენ, როცა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის ეს პროგრამა არ არსებობს. ჩვენ მოვამზადებთ პროექტს, რომელიც იქნება სწორედ სოციალურად დაუცველებისთვის მსგავსი პროგრამის უზრუნველყოფა. წლების განმავლობაში ვსაუბრობდით სტუდენტების მგზავრობის ხარჯების დაფარვის შესახებ და ამას მივესალმები“, - თქვა შელიამ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, რატომ დაფინანსდებიან ამ შემთხვევაში მხოლოდ აკრედიტირებული სასწავლებლების სტუდენტები და პედაგოგები.

მას საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ უპასუხა და განმარტა, რომ პროგრამა ახალია და სამომავლოდ შესაძლებელია მასში ცვლილებები შევიდეს.

„სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები დაიხარჯება მხოლოდ იმ სასწავლებელების მიმართ, რომელთაც გაიარეს აკრედიტაცია და დააკმაყოფილეს სახელმწიფო სტანდარტები. მომავალში დავხვეწთ პროგრამას და  გადავწყვეტთ, დაფინანსდეს თუ არა არააკრედირიტებული სასწავლებელი“, - უთხრა ჟურნალისტებს წოწერიამ.



აქამდე,  მუნიციპალური ტრანსპირტით უფასოდ  ან თანადაფინასებით მხოლოდ დიალეზის პროგრამის ბენეფიციარები, სოფელ ხურჩის მოსახლეობა და სოციალურად დაუცველი სტუდენტები სარგებლობდნენ.

რაც შეეხება სტუდენტებისა და პედაგოგების დაფინანსებას, აღნიშნული დაპირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ლაშა გოგიამ გასცა.

ამავე თემაზე:

სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ
Print