ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში მცირეწლოვანი C ჰეპატიტით დაინფიცირდა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მცირეწლოვნის C ჰეპატიტით დაინფიცირების ფაქტს ადასტურებენ. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ პროცესი შეისწავლეს და კლინიკიდან თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

„ნამდვილად დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი. ამჟამად ბავშვის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს და არის მეთვალყურეობის ქვეშ, რასაც კლინიკა იღებს საკუთარ თავზე. რაც შეეხება თანამშრომელს, მე მის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრობ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ უსაფრთხოების წესები არ დაიცვა“, - აღნიშა ორჟონიამ.

მან ჩვენთან არ ისაუბრა დეტალებზე, თუ როგორ დაინფიცირდა ბავშვი, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ექთანმა ინექცია მცირეწლოვანს იმ ნემსით გაუკეთა, რომელიც თავად შეერჭო.


Print