რეგიონი
ფოთში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ფოთში, ნაბადის უბანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი, რომელიც მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა, გარდაიცვალა. ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებულია.

„შემოყვანილ იქნა ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებით: ქალა-ტვინის ტრავმა,თავის ტვინის დაჟეჟილობა,თავის ტვინის შეშუპება,ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული სისხლჩაქცევა,გულმკერდის დახურული ტრავმა,ფილტვების დაჟეჟილობა,მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი,მარჯვენა წინამხრის ფრაგმენტული მოტეხილობა. ავადმყოფს ჩაუტარდა ტრეპანაცია,პლევრის ღრუს დრენირება,წინამხრის ამპუტაცია. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი და 12:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.გვამი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში“, - აცხადებენ საავადმყოფოში.

ფოთში, ნაბადის უბანში 6 აგვისტოს, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 41 წლის მამაკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა, შემთხვევით აუფეთქდათ.

გამოძიება ორი 236-ე და 124-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.
Print