ახალი ამბები
ზუგდიდში მეწარმეებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნეს (ვიდეო)
ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ადგილობრივ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მცირე და საშუალო ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კანონმდებლობაში არსებული ცვლილებები, რეგულაციები, წესები, ელექტრონული პროცედურები და სერვისები გააცნეს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის გელა გელაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს სახელმწიფო შესყიდვებისთვის 3 მილიარდ 645 მილიონი ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, სააგენტოში დარეგისტრირებულია 4 ათას ხუთასი სახელმწიფო ორგანიზაცია და კომპანია, მიმწოდებლის სტატუსით კი 35 000 ბიზნეს კომპანია სარგებლობს.



„ეფექტიანი მართვა, ბიზნესის ჩართულობა და მისი გამჭვირვალობა წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას ჩვენი მთავრობისთვის. დღევანდელი შეხვედრა კი ემსახურება იმას, რომ რეგიონში ბიზნესსექტორი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და შესყიდვების პროცესებში მათი ჩართულობა იყოს მაქსიმუმი. ჩვენთან არსებული შესყიდვების სისტემა კი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მინიმუმამდე დაჰყავს კორუფციის რისკები“, - უთხრა ჟურნალისტებს გელაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს შესახებ ინფორმაციული ფილმიც აჩვენებს. მეწარმეების თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მათ საკუთარი საქმიანობის განვითარებაში ეხმარება.


Print