ახალი ამბები
დარჩელსა და ცაიშში სამ ადგილობრივს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება
საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 3 დაზარალებულს დაუბრუნდეს ზუგდიდის რაიონში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საუბარია დარჩელში თამაზ ქობალიას 6000 კვ.მ. და ზაურ შაყლანძის 5316 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო ცაიშში ენვერ მოლაშხიას 5456,36 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი. პროკურატურაში ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ.

„პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მათ რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღიათ, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებენ.


Print