ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა
ზუგდიდში, ჭითაწყარის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლების არიან შეკრებილები. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალში შემოყვანისას ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო. 

"გარეგანი დათვალიერებით აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა მიდამოს ტრამვული დაზიანება", - უთხრა ჟურნალისებს ემერჯენსის მორიგე ექიმმა ირაკლი პაპავამ.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ შემთხვევის შემდეგ ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყებამ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
Print