არჩევნები
ოპოზიციური პარტიების შეფასებები და მზადება მეორე ტურისთვის ზუგდიდში
ზუგდიდში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ გამართული არჩევნების მიმდინარეობა და შედეგები შეაფასეს. რადიო „ათინათი“ ამისთვის სამი ოპოზიციური პარტიის - „გაერთიანებული ოპოზიციის", „ევროპული საქართველოსა“ და „შენების მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებს დაუკავშირდა.

ენმ-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ამბობს, რომ ზეწოლის მიუხედავად ზუგდიდელმა ამომრჩეველმა საკუთარი ნება გამოხატა და ამისთვის მათ მადლობას უხდის. წითლიძემ გვითხრა, რომ მეორე ტურისთვის მზადება შტაბში უკვე დაიწყეს.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ზუგდიდელებს, რომლებმაც ხმა მისცეს გრიგოლ ვაშაძეს და ამით უარი უთხრეს რუსულ პოლიტიკასა და კორუმპირებულ ხელისუფლებას, გაუძლო ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, მოვიდა და გააკეთა არჩევანი. ჩვენ პირველივე ტურში მოვიგეთ, მაგრამ ხელისუფლებამ მანიპულაციებით მაინც შეძლო მეორე ტურის დანიშვნა. ახლა ორმაგი ძალებით დავიწყეთ მზადება, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ“, - აღნიშნა წითლიძემ.

alt

უკვე გამოუცხადა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მხარდაჭერა „ევროპულმა საქართველომ“. პარტიის ადგილობრივ ოფისში ამბობენ, რომ ცენტრალურ დონეზე , პარტიებს შორის მოლაპარაკებებით გადაწყდება შემდეგი ნაბიჯები. რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, ბათლომე შელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ხელისფლების მიერ ზეწოლამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო.

alt

„ფონი იყო მძიმე, იყო ზეწოლები და იგრძნობოდა ხელისუფლებისთვის ჩეული მეთოდები, თუმცა ამ მეთოდებმა არ გაამართლა და ხელისუფლებას ხალხმა უთხრა უარი. რაც შეეხება მეორე ტურს, მთავარი მიზანი იყო ზურაბიშვილის დამარცხება და ამისთვის ყველა პროდასავლურ ძალას დავუდგებოდით, მათ შორის, ვაშაძეს. დღეს, როცა სასწორზე დგას მომავალი და ივანიშვილისთვის ხელისუფლების მართვის სადაავების ჩამორთმევის თემა, ორი აზრი არაა, რომ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს ... მთავარი გეგმა კი ამ ეტაპზე არის, სალომე ზურაბიშვილი არ გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი“, - გვითხრა შელიამ.

მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს „შენების მოძრაობა“. ორგანიზაციის წევრის მაია ღურწკაიას შეფასებით, ზუგდიდში დაფიქსირებული შედეგი მოულოდნელი იყო. რაც შეეხება კენჭისყრის მიმდინარეობას, ღურწკაია ამბობს, რომ არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

alt

„არ ყოფილა არცერთი ისეთი ექსცესი, რომელიც კენჭისყრის დღეს მოახდენდა გავლენას შედეგზე. სხვა ოპოზიციური პარტიებმა ვერ შევძელით მხარდამჭერების მობილიზება. მე, როგორც ოცნების ყოფილი მხარდამჭერი, ამხელა კოლაფსით არ ველოდი დამარცხებას და ეს ჩემთვისაც გულსატკენია, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ. რაც შეგვეხება ჩვენ, გადავდივართ ახალ საარჩევნო გარემოსთვის სამზადისში. ამ ეტაპზე ქვეყანა ემზადება სახელისუფლებო ცვლილებებისთვის და ჩვენი გაერთიანება მუშაობს ამ თემებზე. მხარდაჭერა კი ჩვენგან არცერთ კანდიდატს მეორე ტურში არ ექნება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ღურკაიამ.

ზუგდიდის 107-ვე უბანზე ხმები დათვლილია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძემ ხმების - 49.46% (23 526 ხმა), სალომე ზურაბიშვილმა კი 33.91% (16 129 ხმა) მოიპოვა.

ამავე თემაზე:

მერაბ ქვარაიას არ აქვს პასუხი, ზუგდიდში „ქართულმა ოცნება“ დამარცხდა თუ ზურაბიშვილი (ვიდეო)

Print